
„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში „გარეჯს“ დაუპირისპირდა და მატჩი 1:4 ანგარიშით დათმო.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა – გუნდები პირველ ტაიმში თანაბრად თამაშობდნენ, თუმცა 49-ე წუთზე „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელმა მათე თურმანიძემ წითელი ბარათი მიიღო.
დარჩენილი დრო „გარეჯმა“ ერთკაციანი უპირატესობით ჩაატარა. 51-ე და 52-ე წუთებზე ნიკოლოზ გალახვარიძემ დუბლი შეასრულა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 62-ე წუთზე ანგარიშის შემცირება მოახერხა გიორგი კოხრეიძის გოლით.
„გარეჯის“ ფეხბურთელებმა უპირატესობა აღარ გაუშვეს ხელიდან – 69-ე წუთზე სხირტლაძემ ანგარიში 1:3 გახადა, ხოლო საბოლოო შედეგი 90+4-ე წუთზე კუხიანიძემ დააფიქსირა.
29 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმი“ მე-5 ადგილზეა 37 ქულით. „თოლიები“ ორ ქულით უსწრებენ მე-6 ადგილოსან „სამგურალს“ და 9 ქულით ჩამორჩებიან „ქუთაისის ტორპედოს“.
„დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს გამართავს – 30-ე ტურში „თოლიები“ „გაგრას“ ესტუმრებიან.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე