„ქართული ოცნების“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ივანე მაისურაძესა და მის თანაგუნდელებს შორის დაპირისპირება მოხდა. „აჭარა თაიმსის“ წყაროს ინფორმაციით, ივანე მაისურაძე, ირაკლი თავდგირიძე და დავით მიქელაძე ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
წყაროს ცნობით, დაპირისპირების მიზეზი საკრებულოში საკუთარი კადრების დანიშვნის საკითხი გახდა. თავდგირიძესა და მიქელაძეს სხვადასხვა პოზიციაზე თავიანთი კანდიდატების აყვანა სურდათ, რასაც საკრებულოს თავმჯდომარე არ დათანხმდა. კონფლიქტი რამდენიმე დღის წინ, საკრებულოს შენობაში მოხდა.
წყაროს ცნობითვე, ინციდენტის შემდეგ, ივანე მაისურაძემ ირაკლი თავდგირიძესა და დავით მიქელაძეს დაკავებული თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.
თავდგირიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ხოლო მიქელაძე – განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. ისინი აღნიშნულ თანამდებობებზე საკრებულოს წინა სხდომაზე აირჩიეს.
დღეს გამართულ სხდომას ირაკლი თავდგირიძე არ დასწრებია – მისი ტელეფონი გამორთულია და კომენტარის მიღება ვერ მოვახერხეთ. დავით მიქელაძემ კი „აჭარა თაიმსთან“ საუბარში ამტკიცებს, რომ ივანე მაისურაძესთან კონფლიქტი არ ჰქონია და თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეც. „მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა. აღნიშნულმა პირებმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღეს,“ – განაცხადა მაისურაძემ „აჭარა თაიმსთან“ სატელეფონო საუბარში.



