საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „კერხერის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევა დაადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კომპანია მომხმარებლებს შეძენილი პროდუქციის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიდა, რაც სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კერძოდ, დადგინდა, რომ მომხმარებლებს რიგ შემთხვევებში ეძლეოდათ მცდარი ინფორმაცია – მათ ეუბნებოდნენ, რომ გარკვეულ აქსესუარებზე გარანტია არ ვრცელდებოდა, მაშინ როდესაც ეს კომპანიის საკუთარ სავაჭრო პოლიტიკასაც ეწინააღმდეგებოდა.
კანონის მიხედვით, მომხმარებელს პროდუქტის შეძენამდე აქვს უფლება მიიღოს სრული, ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, მკაფიო და გასაგები ფორმით. სააგენტოს შეფასებით, კომპანიის სავაჭრო პოლიტიკა ზოგიერთ შემთხვევაში „ილუზორულ“ ხასიათს ატარებდა და მომხმარებელთა ინტერესებს აზიანებდა.
საქმის შეფასების შედეგად ასევე დადასტურდა მომხმარებლის ინფორმირებულობის ვალდებულების დარღვევა, ხელშეკრულებებში უსამართლო პირობების არსებობა და არასამართლიანი კომერციული საქმიანობა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიას დაევალა ერთთვიან ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში არ შესრულდება ან არასრულად შესრულდება, კომპანიას დაეკისრება ჯარიმა, რომელიც შესაძლოა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-მდე იყოს. ჯარიმის დაკისრება კომპანიას გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.



