ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გვარას ციხის მიმდებარედ, მიმდინარეობს გასართობი ატრაქციის, კერძოდ ზიპლაინის მოწყობა, რომელზეც „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, შესაბამისი ნებართვა არ გაცემულა.
კერძო კომპანიამ, სახელმწიფოს მიწაზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე დაიწყო მეოთხე კლასის მშენებლობა, რაც მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად რეგულირდება. ზიპლაინი გადის ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის ხაზებზე, შესაბამისად ადგილობრივები შიშობენ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის როგორც მომსახურე პერსონალს, ასევე ტურისტებს.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანიის ნაწილობრივი კავშირები და გარემოებები ხელვაჩაურის მერის ოჯახამდე მიდის. შპს „ჯეტ გრუპის“ დირექტორის პოსტი, 2019 წელს, ეკავა ემზარ პაქსაძეს – ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ქვისლს, რომელიც ამავდროულად, ამ ეტაპზე, მუშაობს ხელვაჩაურის საკრებულოში. კერძოდ, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მრჩეველია იურიდიულ საკითხებში. ამავე კომპანიაში, 2019 წელს, წილებს ფლობდა ემზარ პაქსაძის მეუღლეც – თეა ჭურკვეიძე.
„აჭარა თაიმსის“ რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს ცნობით, ემზარ პაქსაძის ოჯახმა ფორმალურად დათმო კომპანია.
ამჟამად „ჯეტ გრუპის“ დირექტორია სულხან მახარაძე, რომლის და, ზარინა მახარაძე არის ჯიმშერ პაქსაძის მეუღლე. ჯიმშერ პაქსაძე, თავის მხრივ, ემზარ პაქსაძის ბიძაშვილი და კომპანიის ყოფილი მეწილეა. კომპანიის 34 პროცენტის მეწილედ ამ ეტაპზე ფიქსირდება ზარინა მახარაძე.
კომპანიის ამჟამინდელმა დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ სამუშაოები ნებართვის საფუძველზე მიმდინარეობს. სულხან მახარაძემ „აჭარა თაიმსს“ სანებართვო დოკუმენტების მოწოდება დაჰპირდა, თუმცა ორდღიანი ლოდინის მიუხედავად, ინფორმაცია არ მიგვიღია. ხელვაჩაურის მერიამ, რომელსაც შესაძლო უკანონო საქმიანობის აღკვეთის ვალდებულება გააჩნია, ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრისთვის“ ხელვაჩაურის მერიიდან, 2025 წლის, 10 ივლისს, მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, შპს „ჯეტ გრუპს“ ზიპლაინის მშენებლობაზე ნებართვა არ გააჩნია, რის გამოც მერიის მხრიდან გაცემულია გაფრთხილების აქტი. ამის მიუხედავად, ადგილზე სამუშაოები გრძელდება.
ემზარ პაქსაძემ „აჭარა თაიმსთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ „შეკვეთილ სტატიაზე“ კომენტარს არ გააკეთებდა. დაგვემუქრა და აღნიშნა, რომ მასალაში მისი სახელის ხსენების შემთხვევაში სასამართლოში გვიჩივლებდა. პაქსაძემ ამ ეტაპზე, შპს „ჯეტ გრუპთან“ რაიმე სახის კავშირი კატეგორიულად უარყო. რაც შეეხება ოჯახურ კავშირებსა და წარსულში კომპანიის ფლობაზე, განაცხადა რომ ეს გარემოება არც დანაშაულია და არც კანონსაწინააღმდეგო.
ინფორმაციისთვის: კომპანია, „ჯეტ გრუპი“ უკანონო საქმიანობას ეწეოდა ქედის მუნიციპალიტეტის დაბა მახუნცეთში, რის შესახებაც „აჭარა თაიმსი“ გასულ წელს წერდა. დაბა მახუნცეთში, გასართობი ატრაქცია მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების თავზეა მოწყობილი.
ზიპლაინი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების თავზე – სარისკო ატრაქცია ქედაში



