11 აგვისტოს ექვსმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო ანტიკორუფციული ბიუროს წერილი, რომელშიც მათ ე.წ. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას ედავებიან. ბიურო ორგანიზაციებს სთხოვს განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ, და აფრთხილებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობაზე.
ორგანიზაციები განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არ დარეგისტრირდებიან „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებად“ და მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. მათი თქმით, ისინი მოქმედებენ საკუთარი წესდებით და ემსახურებიან მხოლოდ საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესებს.
„ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა; არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ამერიკული FARA-ს სტანდარტით, რომლის ასლიც არის ეს კანონი, ჩვენ არ ვექვემდებარებით რეგისტრაციას,“ — აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები.
მათი შეფასებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული ნაბიჯები „პუტინის რუსეთის სტილში“ დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის დევნას ემსახურება, რაც დემოკრატიის შეჩერების საფრთხეს ქმნის. მიუხედავად ამისა, ისინი აცხადებენ, რომ მუშაობას გააგრძელებენ და „ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე არ დატოვებენ“.
„ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს. რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ,“ — აღნიშნულია განცხადებაში.



