
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მ.ბ. დააკავეს.
პოლიციელებმა ის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში აიყვანეს იმ დროს, როდესაც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდა.
უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 43.46 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინი“ და 0.397 გრამი „კოკაინი“.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.