ფოტო: ედუ მჟავანაძე
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა გოჩა მჟავანაძის მხოლოდ ერთი სასარჩელო მოთხოვნა – საჯარო მოხელის გათავისუფლების ბრძანება ცნო უკანონოდ და დაავალა ხელვაჩაურის მერიას საკითხზე ხელახალი, კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. დანარჩენი მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
ინფორმაციისთვის: გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიის ეკონომიკისა და სტატისტიკის განყოფილებაში მუშაობდა და 2022 წელს რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს. მჟავანაძის განმარტებით, მერიის გადაწყვეტილება რეალურად პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი და მიზნად ისახავდა კრიტიკული შეხედულებების მქონე საჯარო მოხელის ჩამოშორებას.
მისი მტკიცებით, იგივე რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული სხვა თანამშრომლები სხვადასხვა უწყებაში დასაქმდნენ და მხოლოდ თავად დარჩა სამსახურის გარეშე – რაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითებს. მჟავანაძე ამ დროს აქტიურად მონაწილეობდა პროევროპულ აქციებში და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციებს ღიად აფიქსირებდა როგორც საჯაროდ, ისე სოციალურ მედიაში.
სასამართლოში გოჩა მჟავანაძე მოითხოვდა:
- გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას;
- ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას;
- განაცდურის ანაზღაურებას;
- დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო;
მჟავანაძის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მხოლოდ პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილება მიუთითებს იმაზე, რომ სისტემურ უსამართლობას კვლავ არ ეძლევა სრულფასოვანი სამართლებრივი პასუხი.
„გამოდის, რომ ვინც 3 წლის წინ უკანონოდ მოიქცა, ახლა ისევ იმან უნდა იმსჯელოს ჩემს საქმეზე და მიიღოს “კანონიერი” გადაწყვეტილება. ბრძოლა გრძელდება ბოლომდე – სტრასბურგის სასამართლომდე,“ – აღნიშნავს მჟავანაძე.
ცნობისთვის: საქმეს წინა ეტაპზე განიხილავდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოც, რომელმაც არცერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. როგორც გოჩა მჟავანაძე აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით მიიღეს – მოსამართლემ აღნიშნა, რომ აქტიური პოლიტიკური პოზიციის მქონე პირს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ ჰქონდა.
გარემოება: გოჩა მჟავანაძის გათავისუფლებას 2022 წელს რეაგირება მოჰყვა სახალხო დამცველისგანაც. ომბუდსმენის დასკვნით, მჟავანაძის გათავისუფლება შეიცავდა პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს და საჯარო მოხელეთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციას.
როგორ დასაქმდნენ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში



