გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 15-16 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მეტეოროლოგების პროგნოზით, 15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით 25–28 მ/წმ-მდე გაძლიერდება.
16 მარტს კი ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ნალექია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი. პროგნოზის მიხედვით, შესაძლებელია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაც.
სააგენტოს ინფორმაციით, დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.
მეტეოროლოგები ასევე აღნიშნავენ, რომ ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები გააქტიურდეს. საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.



