საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ნათია ლაბაძეს კაპიტნის წოდება მიანიჭა. მიღებული გადაწყვეტილებით, ნათია გახდა პირველი ქალი კაპიტანი საქართველოს საზღვაო ისტორიაში.
ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული კარიერა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად იგი კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწის პოზიციას იკავებს და მზად არის, ოფიციალურად ჩაიბაროს გემის კაპიტნის ფუნქცია და ეკიპაჟის ხელმძღვანელობა.
ნათია ლაბაძის პროფესიული მიღწევა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს საზღვაო დარგისთვის და განსაკუთრებით – ქალთა ჩართულობის თვალსაზრისით. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად საქართველოში 130 ქალი მეზღვაურია სერტიფიცირებული. მათგან 120 საკრუიზო გემებზეა დასაქმებული დამხმარე პერსონალის პოზიციებზე, ხოლო 10 ქალი უშუალოდ მეზღვაურის კომპეტენციას ფლობს. ამ ათიდან ოთხი ამ დროისთვის შორეულ ნაოსნობაში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ქალთა მცდელობა, ჩართულიყვნენ საზღვაო პროფესიებში, საქართველოში გასული საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იულია ფაილოძემ, ვაიდე გვარიშვილმა, ნინო კალანდაძემ და შუშანა თუმანიშვილმა ბათუმის საზღვაო ტექნიკუმი დაამთავრეს და შორეულ ნაოსნობაში გასვლის სურვილიც გამოთქვეს. თუმცა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საბჭოთა კავშირში არსებული შეზღუდვების გამო, ქალებისთვის შორეულ ნაოსნობაში მსახურება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა და ისინი ძირითადად სანაპირო ან დამხმარე მიმართულებებში – მეტეოროლოგიაში, რადიოკავშირში, სამედიცინო და ჰიდროგრაფიულ სამსახურში – საქმიანობდნენ.



