საქსტატის კვლევის თანახმად, 2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 11.7 პროცენტით (226.7 ლარით) გაიზარდა და 2 170.1 ლარს მიაღწია. ზრდა ყველა ძირითად სექტორში დაფიქსირდა, თუმცა ხელფასების სიდიდის მხრივ კვლავ ფინანსური და ტექნიკური სფეროები ლიდერობენ.
დარგების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ საქმიანობებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5 515.1 ლარი (ზრდა 22%);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 163.0 ლარი (ზრდა 5.2%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 975.7 ლარი (ზრდა 11.3%);
- მშენებლობა – 2 908.9 ლარი (ზრდა 10.8%).
ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2025 წლის I კვარტალში შეადგენდა 1 744.2 ლარს, რაც 204.1 ლარით (13.3%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კაცების საშუალო ხელფასი კი 2 601.3 ლარს მიაღწია – ზრდა 258.0 ლარი (11.0%). თითქმის ყველა სექტორში კაცების ანაზღაურება კვლავ აღემატება ქალებისას.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 9.3 პროცენტით გაიზარდა და 2 169.6 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგებად დასახელდა:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 255.4 ლარი (ზრდა 4.6%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3 402.5 ლარი (ზრდა 12.1%).
არასამეწარმეო და საჯარო სექტორში ხელფასების წლიური ზრდა შედარებით მაღალი იყო და 16.1 პროცენტი შეადგინა. საშუალო თვიური ანაზღაურება აქ 2 170.9 ლარია. კვლავ ლიდერობს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, როგორც ანაზღაურების სიდიდით, ისე ზრდის ტემპით.
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით, ტრადიციულად ლიდერობს თბილისი, სადაც კონცენტრირებულია მაღალი ანაზღაურების მქონე სექტორები, მათ შორის ფინანსები, კომუნიკაცია და ტექნიკური სფეროები. ასევე, შედარებით მაღალი საშუალო ხელფასებია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში.
მიმდინარე ტენდენციები მიუთითებს, რომ შრომის ბაზარი საქართველოში განაგრძობს ხელფასების ზრდას, თუმცა გენდერული უთანასწორობა და სექტორული დისბალანსი კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.



