ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (MI6) ისტორიაში პირველად ქალი ხელმძღვანელის ხელმძღვანელობით იფუნქციონირებს — ამ პოსტზე ოფიციალურად დაინიშნა ბლეიზ მეტრეველი, რომლის წარმოშობაც ქართულ ფესვებზე მიუთითებს. მეტრეველი თანამდებობას 2025 წლის ოქტომბერში დაიკავებს და ამჟამინდელ დირექტორს, რიჩარდ მურს ჩაანაცვლებს. ის ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი გახდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ბლეიზ მეტრეველის დანიშვნა ხდება ქვეყნისთვის რთულ და გლობალური საფრთხეებით სავსე პერიოდში.
„ბლეიზ მეტრეველი დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის თანამდებობას იკავებს იმ დროს, როდესაც გაერთიანებულ სამეფოს მზარდი საფრთხეები ელის მოწინააღმდეგეების მხრიდან. მისი გამოცდილება და ლიდერობის უნარი განსაკუთრებით საჭირო იქნება მომდევნო წლებში,“ — განაცხადა სტარმერმა.
ვინ არის ბლეიზ მეტრეველი?
ბლეიზ მეტრეველი MI6-ში 1999 წლიდან მუშაობს და ამჟამად ხელმძღვანელობს Q დეპარტამენტს, რომელიც ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა ორიენტირებული. დეპარტამენტი პასუხისმგებელია საიდუმლო აგენტების იდენტობის დაცვისა და მოწინააღმდეგეებისგან თავის დაღწევის ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე.
მეტრეველის კარიერას მაღალი შეფასება მოჰყვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც, რაც ხაზს უსვამს მის კომპეტენციას გლობალური უსაფრთხოების რთულ არქიტექტურაში.
„მოუთმენლად ველოდები MI6-ის მამაც ოფიცრებთან, აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან მუშაობის გაგრძელებას,“ — აღნიშნა მეტრეველმა დანიშვნის შესახებ განცხადებისას.
ქართული ფესვები
გამოცემა Financial Times ყურადღებას ამახვილებს მეტრეველის გვარზე, რომელიც მის „აღმოსავლეთევროპულ მემკვიდრეობას“ ასახავს. „მეტრეველი“ ტრადიციული ქართული გვარია, რაც მიანიშნებს, რომ ახალი ხელმძღვანელი შესაძლოა წარმოშობით საქართველოდან იყოს, რაც ამ მოვლენას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის როგორც ბრიტანეთისთვის, ისე საქართველოსთვის.


