ბათუმში, ორი კვირის წინ მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილ უსახლკარო ოჯახებს შენობის დატოვება მოსთხოვეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მოტყუებულები აღმოჩნდნენ.
ათამდე ოჯახი მანამდე თევზის ბაზრის მიმდებარედ, სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში თვითნებურად ცხოვრობდა. მათი თქმით, აღნიშნული შენობა სწორედ იმ პირობით დაატოვებინეს, რომ საცხოვრებლად მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანდნენ.
ახლა კი, როგორც მოქალაქეები ამბობენ, თავშესაფარში დარჩენის ნაცვლად მათ ქირისთვის 800 ლარის შეთავაზება მიიღეს. უსახლკაროების განცხადებით, აღნიშნული თანხა ბათუმში ბინის დასაქირავებლად საკმარისი არ არის და ისინი კვლავ საცხოვრებლის გარეშე რჩებიან.



