საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა დაასრულა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. კვლევა ეხებოდა მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატების არსებობას იმპორტიდან საბოლოო მომხმარებლამდე და შესაძლო არაკონკურენტულ პრაქტიკებს.
სააგენტოს მონაცემებით, ბაზრის ანალიზის შედეგად რვა კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც 14 მედიკამენტის რეალიზაციაში დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი). მათ შორის, ოთხ კომპანიას დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დაუდგინდა, რაც მომხმარებლისთვის არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა.
დამრღვევი კომპანიები და სანქციები:
- შპს „გლობალ ცბს“ – მედიკამენტები: „ოფლაბ-ოზი“, „ჰაიზინი“, „იორილი-10“,
ჯარიმა: 249 144 ლარი; - შპს „კონცეპტ ფარმა“ – მედიკამენტი: „ფლოქაზოლი“, ჯარიმა: 21 646 ლარი;
- შპს „რიჩ გრუპი“ – მედიკამენტი: „ზინასენი“, ჯარიმა: 77 936 ლარი;
- შპს „გეა“ – მედიკამენტები: „ბისეპტოლი“ 120 მლ და 480 მლ, ჯარიმა: 210 632 ლარი;
ჯარიმების ჯამურმა მოცულობამ 559 358 ლარი შეადგინა. სანქციები განსაზღვრულია კომპანიების 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე ზიანთან შესაბამისობით.
ფასნამატები 300%-დან 3000%-მდე:
მოკვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ფასნამატები ზოგიერთ შემთხვევაში 3000%-საც აღწევდა, რაც გონივრულ მარჟაზე (30%) და დამატებით 20%-ზე მეტ ფასზე მეტობად შეფასდა. გარდა ამისა, გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი არაპროფილური ხარჯები, რომლებიც ფასის ხელოვნურ ზრდას მიანიშნებდა. მათ შორის:
- ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის — ოქროს სამკაულები);
- კულტურულ და გასართობ ღონისძიებებზე სტუმრების მიწვევა;
- არაფორმალურ გარემოში შეხვედრების ხარჯები;
- კონფერენციები ევროპასა და საქართველოში, მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსება;
- კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური მომსახურება;
- პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა;
სააგენტოს რეკომენდაცია დომინანტურ კომპანიებს:
კონკურენციის სააგენტომ დომინანტურ კომპანიებს სავალდებულო რეკომენდაციით მოუწოდა, საფასო პოლიტიკის დაგეგმვისას გაითვალისწინონ კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები. არ დაფიქსირდეს არასამართლიანად მაღალი ფასები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურენტულ გარემოს ან გონივრულ დონეს.
სააგენტოს განცხადებით, კვლევა ეხებოდა იმ პერიოდს, როცა რეფერენტული ფასები ჯერ არ მოქმედებდა. დღევანდელი მონაცემებით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად შეამცირა.



