შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ბინის გაქურდვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქის ბინაში ფარულად შევიდა და იქიდან 6 580 ევრო, 32 000 აშშ დოლარი და ძვირფასეულობა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს და დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

