
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც პარტიების აკრძალვის მექანიზმთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს. მისი მიზანი, „არაკონსტიტუციური პარტიების და მათი მემკვიდრეების“ პოლიტიკური პროცესიდან გამორიცხვაა.
როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ცვლილებებით განისაზღვრება, რომ იმ პარტიის წევრებს, რომლებიც სასამართლოს მიერ აიკრძალება, შეეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება, მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები პარლამენტში, მუნიციპალიტეტებში ან სხვა სახელმწიფო ორგანოებში. გარდა ამისა, მათ ასევე, აეკრძალებათ კონსტიტუციით განსაზღვრულ ხელმძღვანელ პოზიციებზე ყოფნა, სხვა პარტიების წევრობა და პოლიტიკური გაერთიანებებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა.
გორდულაძის განმარტებით, თუ რომელიმე პოლიტიკური გაერთიანება მსგავს პირებს თავის რიგებში მიიღებს და ამით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, მას დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა – ჯარიმის სახით. იმ შემთხვევაში კი, თუ ასეთი პირების რაოდენობა პარტიაში მნიშვნელოვნად გაიზრდება და ისინი გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე გავლენას მოახდენენ, ახალი პარტიის აკრძალვაც გახდება შესაძლებელი, როგორც ე.წ. „მემკვიდრე პარტიისა“.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიენიჭება უფლება აკრძალოს ის პარტიაც, რომლის მიზანი, საქმიანობის არსი ან შემადგენლობა „არსებითად იმეორებს“ უკვე აკრძალული პარტიის მიზნებსა და შემადგენლობას.
„ქართული ოცნების“ განმარტებით, აღნიშნული ცვლილება საშუალებას მისცემს სასამართლოს, ეფექტიანად აღკვეთოს პოლიტიკური ძალების საქმიანობა, რომელთა მიზანია „საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ომის ან ძალადობის პროპაგანდის წარმოება და ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივება“.
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, ინიციატორთა განმარტებით, „მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ არსებობს საჭიროება შემდგომი ვადის განსაზღვრისთვის“.