ქობულეთში, პირველ საჯარო, საბავშვო ბაღში აღსაზრდელმა ფეხი მოიტეხა – ინფორმაცია “აჭარა თაიმს” მერიაში დაუდასტურეს.
შემთხვევა დაწესებულების ეზოში განთავსებულ ატრაქციონზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი ატრაქციონიდან გადმოვარდა, თუმცა ქობულეთის მერიაში ამტკიცებენ, რომ “ბავშვმა არასწორად დადგა ფეხი”.
“საბავშვო ატრაქციონიდან გადმოვარდნის ფაქტი არ ყოფილა. ატრაქციონიდან ჩამოსვლის დროს, ბავშვმა არასწორად დადგა ფეხი. ფაქტის შესახებ დაუყონებლივ ეცნობა მშობელს. ბავშვი ამ ეტაპზე თავს კარგად გრძნობს. რაც შეეხება ზამთრის პერიოდში ეზოს აქტივობების შეზღუდვას, ამ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მზიან დღეებში ზამთრის პერიოდში, დღეში 2-ჯერ შეიძლება ბავშვების გარე სივრცეში გაყვანა და გარე აქტივობების ჩატარება,” – წერილობით გვიპასუხეს ქობულეთის ბაღების გაერთიანებიდან.
ინფორმაციისთვის: შემთხვევის შესახებ საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას პოლიციაში შეტყობინება არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში.


