
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 ათას ლარს გადააჭარბა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 100 000 ლარით დააჯარიმა.
გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად გადაიხადა.
დეპარტამენტის განცხადებით, ზღვის დაბინძურების ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტულია. მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების მიერ ზღვრის დაბინძურების 11 შემთხვევაა გამოვლენილი.