
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიერ განხორციელებულ „კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივ ქმედებებზე“ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით.
აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს:
- პოლიციელზე თავდასხმას,
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას,
- ნივთის დაზიანებას ან განადგურებას,
- ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას,
- სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობას.
დარახველიძის თქმით, მიუხედავად მრავალგზის მოწოდებისა, აქციის მონაწილეებმა არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მითითებებს, რის შედეგადაც პროტესტმა გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს. მისი განმარტებით, აქციის ორგანიზატორებმა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გააკეთეს, დააზიანეს პრეზიდენტის სასახლის ჯებირები და შენობაში შეჭრა სცადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმისა და სხვადასხვა საგნის სროლის შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
ინფორმაციისთვის: საქართველოში არჩევნები გაიმართა პოლიტიკური რეპრესიებისა და ავტორიტეტული დამკვირვებლების გარეშე. ოპოზიციის ლიდერების დიდი ნაწილი, ასევე სამოქალაქო აქტივისტები, დაპატიმრებული არიან.
„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ ინფორმაციით, ეს არჩევნები პირველი იყო, რომელსაც „21 საინფორმაციო რეგიონული მაუწყებლიდან 17 შეხვდა ისე, რომ ვეღარ აწარმოებდა ყოველდღიურ ახალ ამბებს“. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული ვითარება მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვაზე მიუთითებდა.
ასევე, ქვეყნის ისტორიაში პირველად, არჩევნებს „საია“, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არ აკვირდებოდნენ, რაც ექსპერტების შეფასებით, სერიოზულ ეჭვს აჩენდა პროცესის გამჭვირვალობასა და სანდოობაზე.