
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული მ.ო., 1998 წელს დაბადებული ა.ქ., 2002 წელს დაბადებული ფ.ა., 1996 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1992 წელს დაბადებული ბ.გ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მ.ო.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ხოლო ა.ქ., ფ.ა., ჰ.ქ. და ბ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე არიან დაკავებულნი.
გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, სადაც ბრალდებულმა მ.ო.-მ ცივი იარაღის გამოყენებით თურქეთის მოქალაქეებს – 2001 წელს დაბადებულ დ.ო.-ს და 1994 წელს დაბადებულ უ.ო.-ს – სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ პირს, შსს-ს განცხადებით, მათ აღნიშნულ რესტორანში უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, შეურაცხყოფა მიაყენეს რესტორანში მყოფ პირებს და დააზიანეს რესტორნის ინვენტარი.
დანაშაულები, რომელთაც დაკავებულები ედებიან ბრალად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებითაა გათვალისწინებული, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.