
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ონლაინ მედიის ნაწილი ფინანსდება როგორც პარტიული, ისე საბიუჯეტო რესურსებით.
კვლევის თანახმად, 2019-2025 წლებში პარტიამ ონლაინ მედიასთან დაკავშირებულ 22 კომპანიას ჯამში 1 503 708 ლარი გადაურიცხა. ISFED-ის შეფასებით, აღნიშნული მედიასაშუალებები ხშირად მოქმედებენ სინქრონში და წარმოადგენენ ხელისუფლების მხარდამჭერ საინფორმაციო ქსელს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფინანსური მხარდაჭერა ორი მიმართულებით ხორციელდება – „ქართული ოცნებიდან“ პირდაპირი დაფინანსებით და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამარტივებული შესყიდვების გზით. საბიუჯეტო რესურსების ყველაზე დიდი წილი მოდის ადგილობრივ თვითმმართველობებზე (46%), ცენტრალურ ბიუჯეტზე (33%), ავტონომიურ რესპუბლიკებსა და მუნიციპალიტეტებზე (4%) და საჯარო უწყებების საკუთარ შემოსავლებზე (17%).
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ დაფინანსების პიკი ემთხვევა საარჩევნო პერიოდებს, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ონლაინ მედიასაშუალებები აქტიურად გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვისა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის.
„ჩამოყალიბებულია მედიასაშუალებების ფინანსური განმტკიცების სქემა, რომელიც ხელს უწყობს პარტიული გავლენის გაძლიერებას და აფერხებს მედიაპლურალიზმის განვითარებას“, – აღნიშნულია ISFED-ის ანგარიშში..