რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი ბრიფინგი გამართა, სადაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტიაა, თუმცა ხელისუფლების ნაბიჯებმა ეს პროცესი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო.
„ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს, დღეს სერიოზულ საფრთხეშია. მთავრობამ ვერ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც მოიცავდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რეპრესიული კანონების გაუქმებასა და კორუფციასთან სისტემურ ბრძოლას“, – აცხადებენ ორგანიზაციები. მათი თქმით, განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა 2025 წელი, რომელმაც კიდევ უფრო გაართულა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი. „2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ ქვეყანაში 65 სინდისის პატიმარია, მიღებულია დამატებითი რეპრესიული კანონები და გრძელდება ადამიანთა დევნა,“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 31 აგვისტომდე უნდა მიაწოდოს ევროკავშირს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, თუმცა რეალური ნაბიჯების ნაცვლად ის ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს.
„საფრთხე, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დავკარგოთ ოჯახის წევრებთან შეხვედრის, თავისუფალი მოგზაურობის, მკურნალობის, სწავლისა და მუშაობის შესაძლებლობა ევროპულ სივრცეში – რეალურია,“ – აცხადებენ ისინი.
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩის განცხადებასაც იხსენებენ, რომლის მიხედვითაც ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად აუცილებელია რეპრესიების შეწყვეტა, უსამართლოდ დაპატიმრებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონების გაუქმება და ღია, სანდო დიალოგის დაწყება.
„ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ნებისმიერ ნეგატიურ გადაწყვეტილებაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას. ჩვენი ევროპული მომავლის დათმობა დაუშვებელია. აუცილებელია, დავიცვათ უვიზო მიმოსვლა და საქართველოს ევროპული გზა,“ – ნათქვამია განცხადებაში.



