შსს ცნობით, საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა–გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ბათუმის N1 სამმართველოს მობილური ოცეულის II ჯგუფის უმცროსი ინსპექტორი, 1975 წელს დაბადებული ბ.ბ., დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა 1962 წელს დაბადებულ მოქალაქე ჯ.ლ.-სთან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოში უკანონოდ გადმოიტანეს „ZUMERRET“-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ნაწარმის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შენახული იყო სარფის სასაზღვრო პუნქტის მიმდებარედ, დაკავებულების სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში.
ჩხრეკის შედეგად, თამბაქოს ნაწარმი ნივთმტკიცებად ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უაქციზო საქონლის ჯგუფურად შენახვა-გადაზიდვა) და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება). დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



