საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომის მთავარი ნაწილი მოპასუხე მხარის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა, პოზიციებს დაეთმო.
სასამართლოში ისაუბრეს როგორც სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებების სანდოობაზე, ისე პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის შესაძლო სამართლებრივ და პოლიტიკურ შედეგებზე.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოსამართლეებს განუმარტეს, რატომ მიიჩნევენ წარდგენილ მოთხოვნას დაუსაბუთებლად. ანა წითლიძის განცხადებით, ხელისუფლების კრიტიკა, არჩევნების შედეგების სადავოდ ქცევა და ოპოზიციური კოალიციების შექმნა პოლიტიკური საქმიანობის ნაწილია და მათი აკრძალვის საფუძვლად არ უნდა იქცეს.
წითლიძემ ყურადღება გაამახვილა სარჩელზე თანდართულ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზეც. მისი შეფასებით, დოკუმენტში მოყვანილი მასალები სათანადო მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. მან მოსარჩელე მხარის არგუმენტების გასაკრიტიკებლად ისტორიული მაგალითებიც გამოიყენა და განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნის მიმართ განსხვავებული მიდგომა ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
ოპოზიციის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე ყოფილი ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. წითლიძის თქმით, თუ მოსარჩელე მხარე იმდროინდელ სასამართლო პრაქტიკას სისტემურ დარღვევად მიიჩნევს, მაშინ პასუხი გასაცემია კითხვაზე, რატომ დაინიშნენ ამ სისტემასთან დაკავშირებული მოსამართლეები მოგვიანებით უვადო მოსამართლეებად. მან ასევე გააკრიტიკა სარჩელში ყოფილი მაღალჩინოსნების საქმიანობის გამოყენება პარტიის აკრძალვის არგუმენტად.
„თუ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება და არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება პარტიის აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს, მაშინ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმი დასრულებულა და ერთპარტიული დიქტატურა დამდგარა“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
სასამართლოსადმი მიმართვისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საქმე მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მომავალს არ ეხება, გადაწყვეტილებამ უნდა განსაზღვროს, რამდენად შეძლებს კონსტიტუცია ხელისუფლების შეზღუდვის ფუნქციის შესრულებას.
საკუთარი პოზიცია წარმოადგინეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც. თენგო თევზაძის განცხადებით, კოალიცია აპირებს სარჩელში მოყვანილი კონკრეტული შემთხვევების განხილვას და საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით საკუთარი არგუმენტების წარდგენას. მან აღნიშნა, რომ იმ მასალებს, რომლებითაც მოსარჩელე მხარე მათ საქმიანობას უკავშირებს, გამამტყუნებელი გადაწყვეტილების დასასაბუთებლად საკმარისად არ მიიჩნევს.
კოალიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიგა ლემონჯავამ, პროცესი პოლიტიკურ კონტექსტში შეაფასა და განაცხადა, რომ პარტიების აკრძალვა დემოკრატიულ სისტემასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. მისი თქმით, პროცესის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ გზად საზოგადოებრივი პროტესტის გაძლიერება რჩება.
მოპასუხე მხარის გამოსვლებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა კრიტიკა მოჰყვა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წარსულში ჩადენილ ქმედებებს არ ემიჯნებიან და სასამართლოში გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს პარტიის აკრძალვის აუცილებლობას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი კი ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებები შეიცავს არასწორ ინტერპრეტაციებს და სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე მათივე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული.
ამრიგად, სხდომაზე მხარეებმა განსხვავებული პოზიციები წარმოადგინეს: ოპოზიცია სარჩელს პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორების მცდელობად აფასებს, მოსარჩელე მხარე კი პარტიების წარსულ საქმიანობასა და მათ განცხადებებს აკრძალვის მოთხოვნის გასამყარებელ არგუმენტებად მიიჩნევს.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს. მოთხოვნა ეხება ხუთ პოლიტიკურ გაერთიანებას: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს. პროცესი ახსნა-განმარტებების ეტაპზე რჩება. მომდევნო სხდომა ხვალ, 27 ოქტომბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული და მასზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების პოზიციებს მოისმენენ.
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

