
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში „გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა.
საია ასაჩივრებს კანონის მე-61 მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წლის სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციების მასშტაბური მონიტორინგის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის მონიტორინგი უკვე 60-ზე მეტ ორგანიზაციას შეეხება, მათ შორის, საიასაც.
ორგანიზაციის განცხადებით, სადავო ნორმა ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, ასევე ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია (გარდა სახელმწიფო საიდუმლოსა). გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს სამდღიანი ვადა განესაზღვრათ დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად, მაშინ როცა კანონი ვადის განსაზღვრის წესს საერთოდ არ ითვალისწინებს. საიას შეფასებით, ეს ორგანიზაციებს დამატებით ბარიერებს უქმნის და კონსტიტუციის დებულებებს ეწინააღმდეგება.
საია ამტკიცებს, რომ „გრანტების შესახებ“ კანონის მე-61 მუხლი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას, ხოლო არაგონივრულად მცირე ვადის დაწესება კონსტიტუციის 18-ე მუხლით გარანტირებულ სამართლიან პროცესის უფლებას.
აღსანიშნავია, რომ ეს საიას მეორე სარჩელია „გრანტების შესახებ“ კანონთან მიმართებით. პირველი სარჩელი ორგანიზაციამ 2025 წლის 18 აგვისტოს წარადგინა და მოითხოვა იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლებიც მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის გაცემასა და მიღებას კრძალავს.
საია საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე სთხოვს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება და დროულად დანიშნოს განმწესრიგებელი სხდომა.