Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
ilia verdzadze_AJARATIMES.GE

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მოქალაქე ნათია თურმანიძის ვიდეომიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2018 წელს აჭარის მთავრობის წარმომადგენელი ილია ვერძაძე, ზურაბ დიასამიძის შუამდგომლობით, დაინტერესდა ჩემი ოჯახის საკუთრებაში არსებული 2 600 მ2 მიწით, რომელზეც იყო ორსართულიანი სახლი და სასათბურე მეურნეობა. მან მარტივად შეძლო ჩვენი ნდობის მოპოვება, ვინაიდან მთავრობის წარმომადგენელი იყო და ჩვენი მიწის სანაცვლოდ, მაღალსართულიანი კორპუსის აშენების პირობა მოგვცა. საბუთები კი გააფორმა თავის დაზე, ნაილე ვერძაძეზე, ვინაიდან, თანამდებობიდან გამომდინარე, გამოჩენა არ სურდა. დაანგრიეს ჩვენი საცხოვრებელი სახლი, გადაგვიყვანეს ქირით და დაგვპირდნენ, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბინებს გადმოგვცემდნენ. ჩვენ, სამწუხაროდ, დავჯერდით და ახლა სრულ ჯოჯოხეთში ვართ. 2018 წლის შემდეგ, იქ არაფერი აშენებულა, ქირასაც არავინ გვიხდის. თითოეულმა მათგანმა გაიფორმა რამდენიმე ასეული მ2 საცხოვრებელი ფართი. პროექტი რამდენჯერმე გაასხვისეს. ეს ფართები შემდეგ გაყიდეს და ყველაფერი თაღლითურ სქემაში ჩართეს, ჩვენ კი, სანაცვლოდ, ღია ცის ქვეშ დაგვტოვეს. ილია ვერძაძე კი ამ დროსაც მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

ნერვიულობის შედეგად, მამაჩემმა ორჯერ მიიღო ინსულტი. ადამიანს ჯანმრთელობა წაართვეს, სიცოცხლე გაუმწარეს, ამაზე კი ამ დრომდე არავინ აგებს პასუხს. მივმართეთ სასამართლოს, მივმართეთ პროკურატურას, პრემიერ-მინისტრს, მაგრამ ჩვენი ხმა თითქოს არავის ესმის. გამომძიებელი კონტაქტზეც არ გამოდის. შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ხელი დააფარეს ამ საქმეს. ჩვენ გარდა, დაზარალებულია ათობით ოჯახი, რომლებმაც მოტყუებით მათგან შეიძინეს საცხოვრებელი ფართები და დღემდე ელოდებიან მშენებლობის დაწყებას. ჩვენ ახლა ძალიან გვჭირდება საზოგადოების დახმარება. გთხოვთ, თითოეულმა გააზიარეთ ეს ვიდეო, არ გაატაროთ ეს უსამართლობა. მთელმა საქართველომ გაიგოს, როგორ გაგვანადგურეს ილია ვერძაძის ხელმძღვანელობით და დაგვტოვეს ღია ცის ქვეშ.“

„აჭარა თაიმსი“ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა. აღნიშნულ ვიდეომიმართვაში მოცემული ინფორმაციები სხვადასხვა წყაროს, მათ შორის, ოფიციალური საიტების მეშვეობით გადავამოწმეთ. როგორც ირკვევა, კომპანია, რომელმაც ნათია თურმანიძის ოჯახის წევრთან ხელშეკრულება გააფორმა, შპს „ვს ჯგუფია“, რომლის რეგისტრაციის შეჩერებაზეც შესაბამისი დოკუმენტი იძებნება საჯარო რეესტრში. კერძოდ, 2026 წლის 1 აპრილით დათარიღებულ დოკუმენტში ნათქვამია:

„1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტის/ინფორმაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ სუბიექტის მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან არ არის შესაბამისობაში მოყვანილი სარეგისტრაციო მონაცემები.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო, გარდა ინდივიდუალური მეწარმისა, ვალდებულია, 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან ამონაწერი აღარ გაიცემა. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო  ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

4. ამდენად, სახეზეა სუბიექტის რეგისტრაციის შეჩერების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.“

საინტერესოა, რომ ნაილე ვერძაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრის, ილია ვერძაძის და, შპს „ვს ჯგუფის“ მესაკუთრედ და დირექტორად ფიქსირდება 2018 წლის 6 ივლისის ამონაწერით, რამდენიმე საათით ადრე კი დირექტორად მითითებული იყო ზურაბ დიასამიძე, რომელსაც თავის ვიდეომიმართვაში ნათია თურმანიძე ასახელებს.

კომპანიის რეგისტრაციის მომენტში დიასამიძე წილის 100%-საც თვითონ ფლობდა. იმ დროს კომპანია დარეგისტრირდა, როგორც შპს „ფომი“. რეგისტრირებულ მონაცემებში ნაილე ვერძაძის მითითების პარალელურად, კომპანიის სახელწოდებაც შეიცვალა.

2020 წლის 15 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა თეიმურაზ ჩხარჩხალიამ და კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები მოითხოვა. სააგენტომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. სწორედ იმ დროიდან შპს „ვს ჯგუფის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე და დირექტორი თეიმურაზ ჩარჩხალიაა. მანმდე კი, 2020 წლის 26 თებერვლის ამონაწერით, მესაკუთრეც და დირექტორიც ალექსანდრე სიჭინავა იყო.

ქონება, რომელზეც ნათია თურმანიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, ბათუმში, ანგისის ქუჩის №87-ში მდებარეობს. მიწის ნაკვეთს, ამ ეტაპზე ჰყავს ათობით თანამესაკუთრე (ბოლო, 2026 წლის 2 თებერვლის, ამონაწერი), რომელთა შორისაც არიან ზურაბ დიასამიძე და ნაილე ვერძაძე. 2019 წლის ამონაწერით კი მესაკუთრედ შპს „ვს ჯგუფი“ ფიქსირდება. ამავე ამონაწერის თანახმად, პირველ მხარედ მითითებული არიან ბადრი თურმანიძე, ლია ვერძაძე და მანუჩარ ანანიძე, რომლებსაც უნდა გადაეცეთ, ჯამში, 2582.35 კვ. მ ფართი. კერძოდ: ბადრი თურმანიძეს – 2 300 კვ მ, ლია ვერძაძეს – 158.85 კვ მ და მანუჩარ ანანიძეს – 123.50 კვ მ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ვალდებულებით დამოწმებულია 2018 წლის 15 აპრილს. ამის შემდეგ, ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა. სხვა თანამესაკუთრეები ამონაწერში 2020 წლიდან ჩნდებიან. 2020 წლის ბოლო ამონაწერში ვს ჯგუფი აღარ ფიგურირებს და ჩნდება შპს „გრინ თაუერი“, ხოლო მოგვიანებით ემატება შპს „რეგალ ქონსთრაქშენი“.

საინტერესოა, რომ შპს „გრინ თაუერის“ მესაკუთრედ მითითებულ ივანე ლიპარტელიანს გასულ წელს ერთ-ერთი მოქალაქე ბრალს სდებდა თაღლითობაში და ამბობდა, რომ „გრინ თაუერმა“ ხელშეკრულება სხვა ნაკვეთზე გაუფორმა, რომელზეც მშენებლობა დაგეგმილი არ იყო, მოგვიანებით კი საქმეში „რეგალ ქონსთრაქშენი“ ჩაერთო, თუმცა მოქალაქე კვლავ მოტყუებული დარჩა და გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არც ახალმა კომპანიამ შეასრულა (იხ. „ბათუმელების“ სტატია).

აღსანიშნავია, რომ „რეგალ ქონსთრაქშენი“ იგივე „გრინ თაუერია“, შეცლილი სახელითა და მფლობელით. თუმცა ანგისის ქუჩის №87-ში მდებარე ქონების თანამესაკუთრეებს შორის ორივე სახელწოდებით ფიგურირებს „გრინ თაუერით“ და „რეგალ ქონსთრაქშენით“.

საჯარო რეესტრიდან ბოლო ამონაწერით, აღნიშნულ მისამართზე თანამესაკუთრეთა შორის არიან ზურაბ დიასამიძე, ნაილე ვერძაძე (რომლებიც შპს „ვს ჯგუფთან დაკავშირებული პირები არიან), ასევე შპს „გრინ თაუერი“ და შპს „რეგალ ქონსთრაქშენი“.

ზურაბ დიასამიძე ფიქსირდება ბათუმში, დავით მამულაძის ქ. №27-ში მდებარე ნაკვეთზე მშენებარე ნაგებობის თანამესაკუთრედაც. კერძოდ, 2025 წლის 20 თებერვლის ამონაწერის თანახმად, თანამესაკუთრეებს შორის, ზურაბ დიასამიძის გარდა, გვხვდება შპს „ნექსთ ვაითი“, რომელთანაც დაკავშირებულია ზურაბ დიასამიძის სახელი. თავის მხრივ, კომპანიას უკავშირდება „ნექსთ ჰოტელი“ და „ნექსთ ჰოლდინგი“. 2025 წელს „ნექსთ ჰოტელის“ დირექტორი იყო გიორგი ჟღენტი რომელმაც „ქართულ ოცნებას“, ჯამში, 175 000 ლარი შესწირა, ხოლო მესაკუთრე კახა დევაძემ – 240 000 ლარი.  „ნექსთ ჰოტელს“ ფლობს „ნექსთ ჰოლდინგი“, რომლის აღმასრულებელ დირექტორ კობა დევაძეს იმავე „ოცნებისთვის“ თანხა ოთხჯერ გადაურიცხავს, ჯამში, 215 000 ლარის ოდენობით.

მოქალაქე ნათია თურმანიძე ვიდეომიმართვაში ილია ვერძაძეს ახსენებს, როგორც მთავრობის წარმომადგენელს. სინამდვილეში, ის აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სიით შევიდა და ამჟამად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. ილია ვერძაძე დეპუტატი იყო იმ პერიოდშიც, რომელზეც თურმანიძე საუბრობს.

ნაილე ვერძაძე ნამდვილად არის ილია ვერძაძის და. არის, თუ – არა ნათია თურმანიძის მონათხრობი სრული ჭეშმარიტებაა, ეს კომპეტენტურმა უწყებამ უნდა გამოიძიოს. მანვე უნდა დაამტკიცოს, იკვეთება, თუ – არა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების ინტერესები აღნიშნულ საკითხთან მიმართებით. კომპანიის იმჟამინდელ მესაკუთრესა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს შორის ნათესაური კავშირი ცალსახაა. მიწის ნაკვეთის გასხვისებაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც ასევე ცხადყოფს, რომ ზურაბ დიასამიძისა და ნაილე ვერძაძის სახელთან დაკავშირებულ კომპანიას თურმანიძის და კიდევ სხვა მოქალაქეებისთვის შესაბამისი ფართები უნდა გადაეცა, თუმცა მშენებლობა დაწყებული არ არის.

„აჭარა თაიმსს“ კომუნიკაცია ჰქონდა ნათია თურმანიძესთან. მან გამოგვიგზავნა ილია ვერძაძესთან მიმოწერის სქრიშოტი.

ეს სქრინშოტი ადასტურებს, რომ ნათია თურმანიძესა და ილია ვერძაძეს შორის მიმოწერა შედგა 2024 წლის 17 და 19 აგვისტოს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ იურისტების თანდასწრებით შეხვდებოდნენ.

ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა ილია ვერძაძემ ამ საქმეში ჩართვა, თუ ამ მიმართულებით მას არანაირი შეხება არ აქვს?

ნათია თურმანიძემ მოგვწერა, რომ ილია ვერძაძესა და კომპანიასთან ბოლო შეხვედრა ერთი წლის წინ შედგა, სანამ პროკურატურას მიმართავდნენ. რადგან ამ კომუნიკაციამ შედეგი არ გამოიღო, თურმანიძის ოჯახმა პროკურატურას მიმართა. როგორც ნათია თურმანიძემ მოგვწერა, განცხადება დარეგისტრირებულია, თუმცა რა ხდება და რა ეტაპზეა საქმე, არ იცის, რადგან გამომძიებელი მათ ზარს არ პასუხობს. მისივე თქმით, ივანე ლიპარტელიანმა კომპანის წილი დაიბრუნა, ხოლო გიორგი ჩიბუხაშვილი და მისი სიძე დაკავებული არიან.

რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით ილია ვერძაძეს და ნათია თურმანიძის მიერ  გავრცელებულ ბრალდებაზე ვკითხეთ.

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ეს ტყუილზე დაფუძნებული ბრალდებაა და „ადვილად გადამოწმებადია ფაქტებით.“ მან ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული ბრალდების მიზანი მისი შეურაცხყოფა და შანტაჟია და ამ ცილისწამებისთვის, აუცილებლად განცხადებით მიმართავს შესაბამის ორგანოს.

„ჩვენ ოთხი დედმამიშვილი ვართ. ოჯახმა გადაწყვიტა ეს საკითხი და ჩემი უფროსი და ჩემი უფროსი და შესაბამისად გახდა ამ კომპანიის დირექტორი. ჩემმა დამ გაიგო, რომ ზურაბ დიასამიძეს ჰქონდა კომპანია, რომელსაც ჰყიდდა და მეგობრების საშუალებით გაიცნო ის. შემდეგ მისი კომპანიის წილი შეიძინეს და სახელიც გადაარქვეს“, – გვიპასუხა ილია ვერძაძემ. მან ასევე დაადასტურა, რომ ანგისის ქ. №87-ში მის დას ნამდვილად ეკუთვნის რამდენიმე ბინა: „ეს ჩვენი ოჯახის კომპანია იყო და მე მის მართვაში არ ვმონაწილეობდი, თორემ რას აკეთებდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი. როცა მოგვიანებით ეს კომპანია ოჯახმა გაასხვისა, შემდეგმა მესაკუთრემ გააკეთა განშლა და გადაუფორმა მას [ნაილე ვერძაძეს] რამდენიმე ბინა, ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული,“ – თქვა ილია ვერძაძემ.

ილია ვერძაძე აცხადებს, რომ კომპანიამ, სანამ ის მისი ოჯახის საკუთრებაში იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა პირნათლად შეასრულა, მათ შორის, აიღო სამშენებლო ნებართვა, ხოლო სახლის დემონტაჟი და მშენებლობა იმ პერიოდში არ განხორციელებულა.

„აჭარა თაიმსი“ ასევე დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ამ საქმეში თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. მათ ჯერ სამართალდამცავი უწყებისთვის არ მიუმართავთ და შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ, თუმცა აპირებენ, რომ კომპეტენტურ უწყებას მიმართონ. 

„ამ მისამართზე უნდა აშენებულიყო 29-სართულიანი ბინა, გადავიხადე თანხა და გადავიფორმე ყიდვისთანავე იუსტიციაში 2023 წელს. კომპანიისგან არ მიყიდია, მე ვიყიდე კერძო პირისგან. თუმცა ამას არანაირი ძალა არ აქვს, რადგან იუსტიცია არ იძლევა იმის გარანტიას, რომ პროექტი აშენდება. მე დავრეგისტრირდი სრულ მესაკუთრედ, როდესაც მთლიან თანხას იხდი, სრულ მესაკუთრედ რეგისტრირდები. შარშან დამიკავშირდა „გრინ თაუერის“ წარმომადგენელი, ვინმე ლიპარტელიანთან ერთად. ამ ორმა პიროვნებამ მთხოვა ოფისში [შეხვედრა], შემოჰყავდათ ვიღაც თურქი ინვესტორი. ადგილზე იყო მათი იურისტი ვინმე ცობეხია, რომელიც ჩვენთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ, გავსულიყავით პროექტიდან. თუმცა ზოგიერთი არ იყო თანახმა იმ თანხაზე, რომელსაც კომპანია სთავაზობდა… ორჯერ მივედით ასეთ მოლაპარაკებაზე. რაღაცებზე ვიყავით თანახმა, მაგრამ მერე მათმა ერთ-ერთმა იურისტმა გვითხრა, რომ ის ინვესტორი დაიჭირეს. ახლა ყველა დაზარალებულს გვინდა, დავიბრუნოთ ან თანხა, ან ფართი. უნდა შეიქმნას ჯგუფი, ჩვენ ვართ მომხრე… სამი წელია, გაყინულია ჩვენი თანხა. ნათიას საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ გვაქვს საერთო ინტერესი და გვინდა, რაც საჭიროა სამართლებრივად, გავაკეთოთ. ალბათ, ავიყვანთ იურისტს. ყველა, ვინც ჩემნაირადაა, ერთი მიზანი ამოძრავებს. იმ მისამართზე არასდროს არ დაწყებულა არანაირი მოქმედებები. ეს არაა პირველი პროექტი [რომელიც არ განხორციელდა]. სხვა მისამართზეც შეჩერებული აქვთ. ჩვენ მოვიძიეთ მერე ამ კომპანიის პროექტები და რამდენიმე მისამართზე პრობლემურია. ჩვენს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბინები გადაიყიდა. მე არ გამიყიდია,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ქეთევან ლომინაძე, მოქალაქე, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს.

ზურაბ დიასამიძემ ჩვენს სატელეფონო ზარსა და შეტყობინებას არ უპასუხა. „აჭარა თაიმსი“ მზად არის, მოუსმინოს სტატიაში ნახსენებ სხვა პირებს, თუ მათ საკუთარი მოსაზრებისა და პოზიციის გამოხატვა სურთ.

 

Post navigation

Previous: როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აჭარა თაიმსი აგვისტო 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

აჭარა თაიმსი აგვისტო 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026
7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება sofeli_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

7 სოფელი ბუნებრივი აირის გარეშე – მოსახლეობა გაზიფიცირების დაწყებას ელოდება

აგვისტო 11, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის საქმეზე ბრალდებულებს 7-7 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ

აგვისტო 12, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.