„აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომელი და გადაცემა „პროექციის“ წამყვანი ზვიად სირაბიძე სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებების შესყიდვებში აქტიურად მონაწილეობს. ამის შესახებ „აჭარა თაიმსისთვის“ ინფორმაცია საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით ხდება ცნობილი.
საჯარო რეესტრის მიხედვით, ზვიად სირაბიძე შპს „კადრის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია 2019 წელს არის რეგისტრირებული, თუმცა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა 2025 წლიდან ფიქსირდება.
კომპანია რეგისტრირებულია თბილისში, კოსტავას ქუჩა N94-ში მდებარე მისამართზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული 97 კვადრატულ მეტრამდე ფართობის ბინა ზვიად სირაბიძემ 2025 წელს „ტერაბანკის“ იპოთეკური სესხის გამოყენებით შეიძინა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, შპს „კადრმა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს არაერთ ტენდერში გაიმარჯვა და საერთო ჯამში 147 448 ლარი მიიღო.
გარდა ტენდერებისა, კომპანიამ გამარტივებული შესყიდვების გზითაც მიიღო დაფინანსება სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან. საჯარო მონაცემების მიხედვით, შპს „კადრს“ მიღებული აქვს:
- უსკოდან: 2 000 ლარი;
- აჭარის სპორტის დეპარტამენტიდან: 9 900 ლარი;
- აჭარის კულტურის სამინისტროდან: 9 900 ლარი;
- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან: 9 000 ლარი;
- აჭარის მუზეუმიდან: 2 000 ლარი;
- უსკოდან: 20 000 ლარი;
ზვიად სირაბიძე ასევე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლიდან დღემდე ინდმეწარმის სტატუსით მან 21 გამარტივებული შესყიდვიდან სულ 106 592 ლარი მიიღო. მან დამკვეთებს ძირითადად, სხვადასხვა შინაარსის ვიდეორგოლები მოუმზადა. საჯარო რეესტრის თანახმად, ზვიად სირაბიძე საქველმოქმედო ფონდ „პარალელის“ გამგეობის თავმჯდომარეც არის. აღნიშნულ ორგანიზაციასაც მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვები.
ზვიად სირაბიძის თქმით, კონტრაქტების მოპოვებაში წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება და ნდობა, ასევე კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასები ეხმარება. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი გადაცემა გარე წარმოებაზე გადავიდა, სამართლებრივ ინტერესთა კონფლიქტის საკითხი აღარ არსებობს.
– ზვიად, შენი კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფო უწყებების დაკვეთებზე მოდის. როგორ მოიპოვეთ ეს კონტრაქტები?
– იქიდან გამომდინარე, რომ 2004 წლიდან ვოპერირებ, ძალიან ხშირად სხვადასხვა არხზე გამოვდივარ, მაქვს პრემიერები ან ჩემი სიუჟეტები გადის, ბუნებრივია, ერთგვარი ნდობა არსებობს ჩემს მიმართ. იციან, რომ ამ საქმიანობას ვეწევი. გარდა ტენდერებისა, არაერთი გამარტივებული შესყიდვაც მიიღე.
– როგორ იღებდით ამ დაკვეთებს, თავად მიმართავდით უწყებებს, თუ ისინი გიკავშირდებოდნენ?
– ინდმეწარმის სტატუსით, რა მომსახურების გაწევასაც ვიღებ, ყველგან წარდგენილი მაქვს ხარჯთაღრიცხვა. სხვებთან შედარებით დაბალი ფასი მაქვს, რაც ჩემი უპირატესობაა. დამკვეთები ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას უგზავნიან შეთავაზებას. მე, რადგან ხშირად ინდმეწარმის სტატუსით ვოპერირებ და დაბალ ფასებში ვმუშაობ, დიდ კომპანიებს უბრალოდ ამ ფასში შესვლა არ უღირთ. ზოგჯერ ხუთი პროექტის ფასი არ უტოლდება მათ ერთ სარეკლამო დაკვეთას.
– თქვენ ხართ „აჭარის ტელევიზიის“ თანამშრომელი და ამავე დროს კერძო კომპანიის მფლობელი. როგორ უთავსებთ ამ ორ საქმიანობას?
– როგორც კი მე ტელევიზიიდან გარე წარმოებაზე გავედი, ეს თემა მოიხსნა. მე ამ წუთას, პირდაპირი გაგებით, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი არ ვარ. მე იმის უფლება მაქვს, რასაც ვაკეთებ. მანამდე პერიოდულად ვაკეთებდი ამ ყველაფერს, ცალკე ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით, თუმცა ტელევიზიასთან რა ვალდებულებაც მქონდა, მაგალითად, გადაცემების დროულად ჩაბარება და ა.შ. ასევე, რაც წესდებით არის გათვალისწინებული ყველაფერს ვასრულებდი პირნათლად, გადაცდომა არ მქონია.
– ზვიად, ხომ არ ხედავთ ინტერესთა კონფლიქტის ან ეთიკური კითხვის ნიშნებს იმაში, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი პარალელურად სახელმწიფო უწყებებთან კომერციულ საქმიანობას ეწევა?
– გადაცემებში ადამიანს თუ გივლინდება მიკერძოება, ეს ინტერესთა კონფლიქტია, რაც ჩემს შემთხვევაში არ ხდება. მაგალითად, მე თუ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ვთანამშრომლობ და ამას რეკლამას ვუკეთებ ჩემთან გადაცემაში, მაშინ, რა თქმა უნდა. მაგრამ სამართლებრივად ეს პრობლემა დამთავრდა მაშინ, როდესაც მე გადაცემა გარე წარმოებაზე გავიტანე. სხვათა შორის, ჩემი გადაცემა ერთ-ერთია, სადაც განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სტუმრობენ.

