ზურაბ პატარაძემ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ბოლოს, 2025 წლის 27 ივლისს წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, პატარაძის ოჯახი ფლობს რამდენიმე უძრავ ქონებას. მათ შორის, მეუღლის სახელზე რეგისტრირებულია თბილისში, წავკისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც 2023 წელს 380 000 აშშ დოლარად არის შეძენილი.
გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია:
- თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 158.77 კვ.მ ფართობის ბინა, რომელიც პატარაძემ 2011 წელს 280 000 ლარად შეიძინა;
- ქობულეთში მდებარე 120 კვ.მ. ბინა, რომელიც მემკვიდრეობით აქვს მიღებული;
- თბილისში, თინა იოსებიძის ქუჩაზე მდებარე ბინა, რომელიც 2025 წელს ჩუქების ფორმით გადავიდა მეუღლის საკუთრებაში.
დეკლარაციის თანახმად, საბანკო ანგარიშებზე პატარაძესა და მის მეუღლეს სხვადასხვა ვალუტაში თანხები აქვთ განთავსებული, თუმცა მათი ოდენობა შედარებით მცირეა. ნაღდი ფულის სახით, პატარაძე ფლობს 3 000 დოლარს, ხოლო მისი მეუღლე – 2 000 დოლარს.
შემოსავლების ნაწილში აღნიშნულია, რომ 2024 წელს პატარაძემ ელჩის პოზიციაზე მუშაობით 98 094 აშშ დოლარი მიიღო. დამატებით, საქართველოდან მიღებულმა ანაზღაურებამ 7 704 ლარი შეადგინა. მისმა მეუღლემ, სოფიო ბაკურიძემ, კომპანია SOCAR Midstream Operations Ltd.-ში საქმიანობით 75 168 აზერბაიჯანული მანათი გამოიმუშავა.
დოკუმენტის მიხედვით, პატარაძეს აქვს 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომლის დაფარვის ვადა 2033 წლამდეა განსაზღვრული. 2024 წელს სესხის მომსახურებაზე 78 233 დოლარი დახარჯა. ამავე პერიოდში პატარაძემ დედისგან საჩუქრად მიიღო 56 812 დოლარი, რომელიც ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, სესხის შემცირებას მოხმარდა.
დოკუმენტში ასახულია სხვა ხარჯებიც, მათ შორის 60 000 ლარი საცხოვრებელი სახლის რემონტზე, 10 000 ლარი სამედიცინო მომსახურებაზე და შვილების განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები.
2024 წლის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემების თანახმად, ჰყავს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი. ორი შვილი მოსკოვშია დაბადებული, ერთი – ბაქოში, ხოლო ერთიც – ბათუმში.
ცნობისთვის: დღეს, ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მეორედ წარადგინეს. ის აღნიშნულ პოსტს უკვე იკავებდა 2016-2018 წლებში. 2018 წლიდან დღემდე კი, ის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციაზე მუშაობდა აზერბაიჯანში.
გარემოება: „ბათუმელების“ მასალების თანახმად, ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესმა საბჭომ პირველად, 2016 წლის 15 ივლისს დაამტკიცა. ყოფილი დიპლომატი, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, აღნიშნულ თანამდებობაზე ორ წელზე ნაკლები დრო დარჩა.
მისი მმართველობის პერიოდი არ გამოირჩეოდა რადიკალური ცვლილებებით და მეტწილად იმდროინდელი მთავრობის ზოგად პოლიტიკურ კურსს მიჰყვებოდა. პატარაძე საჯარო გამოსვლებში ფრთხილი და დაბალანსებული რიტორიკით ხასიათდებოდა და სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩეოდა.
მაშინ, ერთ-ერთ მთავარ მოუგვარებელ პრობლემად რჩებოდა ხელვაჩაურში ე.წ. „ოცნების ქალაქი“. საკითხი პატარაძემ მემკვიდრეობით მიიღო, თუმცა ორი წლის განმავლობაში მისი მოგვარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.
კრიტიკის საგანი იყო ასევე ქალაქმშენებლობისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართულება. მისი მმართველობის პერიოდში გაგრძელდა K2 კოეფიციენტის გაზრდის პრაქტიკა, რაც შენობების სიმაღლის ზრდას გულისხმობს. მოგვიანებით, 2018 წელს, პატარაძემ ამ საკითხზე შუამდგომლობების ნაწილზე უარი განაცხადა და რეგულაციის პასუხისმგებლობა ადგილობრივ თვითმმართველობას გადააბარა.
პატარაძის მმართველობას უკავშირდება ბათუმის ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყებაც, რომელიც წლების განმავლობაში დაგეგმილი პროექტი იყო. თუმცა, პროექტის დასრულების ეტაპზე არ არსებობდა მკაფიო გეგმა მისი მართვისა და ფუნქციური დატვირთვის შესახებ. ასევე მიმდინარეობდა მშენებლობა ზედამხედველობის კომპანიის გარეშე, რის გამოც ტენდერი დროებით შეჩერდა.
მისი პერიოდში დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობაც, თუმცა პროექტი დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა.
მოუგვარებელ საკითხთა შორის რჩებოდა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა. მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ პროექტი შეთანხმებული იყო, მისი რეალიზაცია ვერ განხორციელდა.
ინფრასტრუქტურული პროექტებიდან აღსანიშნავია კურორტ გოდერძის განვითარება, სადაც დაიწყო გზის რეაბილიტაცია და საინვესტიციო პროექტების მოზიდვა. პარალელურად, ქონების პირდაპირი წესით გადაცემის პრაქტიკა კრიტიკის საგანი გახდა.
ასევე დაანონსდა ბათუმში ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონ დოლარს შეადგენდა.
საერთო შეფასებით, ზურაბ პატარაძის მმართველობის პერიოდი აჭარაში ხასიათდებოდა შედარებით სტაბილური ადმინისტრაციული მართვით, თუმცა მნიშვნელოვანი სტრუქტურული და პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებების გარეშე.



