„ბათუმი-სარფის მაგისტრალის მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და 2031 წელს დასრულდება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის მთავრობამ 306.6 მილიონი ევროს საკრედიტო შეთანხმება აზიის განვითარების ბანკთან გააფორმა. პროექტის მიხედვით, საქართველო თურქეთს ახალი საერთაშორისო მაგისტრალით დაუკავშირდება. არსებული სანაპირო გზა ახალი ასფალტბეტონის ავტომაგისტრალით ჩანაცვლდება, რომელიც მდინარე ჭოროხზე აშენებული ახალი ხიდის საშუალებით ბათუმის შემოვლით გზას დაუკავშირდება.
საპროექტო გზის საერთო სიგრძე 11.4 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო კვანძის, სამი ხიდის (მათ შორის 1.5-კილომეტრიანი ხიდის), 7.6-კილომეტრიანი ორზოლიანი გვირაბისა და სოფელ სარფში არსებული გზის გაფართოების სამუშაოების განხორციელებას.
პროექტის აღწერის მიხედვით, ახალი გზის დერეფანი მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროდან დაიწყება, სადაც სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. შემდეგ გზა ჭოროხზე ახალი ხიდით გაგრძელდება, სოფელ ჭარნალთან კი 7.6-კილომეტრიან გვირაბში შევა, რომელიც სოფელ ჭარნალსა და ახალსოფელს გვერდს აუვლის. გვირაბის შემდეგ გზა სოფელ სარფისკენ გაგრძელდება და ახალი ხიდის საშუალებით არსებულ საერთაშორისო მნიშვნელობის E70 საავტომობილო გზას დაუკავშირდება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველო-თურქეთის საზღვრამდე გზის სავალი ნაწილის გაფართოებას.
დაკავშირებული თემები ⇓
სამსუნი-სარფის რკინიგზა საინვესტიციო პროგრამაში შევიდა
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება



