„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში ახალგაზრდა კაცს ათამდე ტყვია ესროლეს.
შემთხვევა ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა.
თვითმხილველი „აჭარა თაიმსს“ უყვება, რომ ისინი საკონდიტროს წინ, საჩრდილობელში ისხდნენ, როდესაც მათთან მოპედით უცნობი პირი მივიდა და ახალგაზრდა კაცის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა.
დაჭრილმა ადგილზე დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
თავდამსხმელი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.
ამ დროისთვის დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. „აჭარა თაიმსი“ დეტალების დაზუსტებას ცდილობს და მასალა განახლდება, როგორც კი ახალი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ნახეთ პირდაპირი ეთერის ჩანაწერი

