შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 80 პირი დააკავეს. კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება, მათ შორის ერთს საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და გადაწყვეტილებებს ე.წ. „ქურდული ტრადიციების“ შესაბამისად იღებდნენ.
შსს-ს განცხადებით, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ და ერთ-ერთ მხარეს გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, აღნიშნული მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

