2025 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
საქსტატის მონაცემებით, შემოსავლების უდიდესი ნაწილი, 80.3% — საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებზე მოდიოდა. საკომისიო შემოსავლების წილი 9.1% იყო, ხოლო დანარჩენი 10.6% სხვა სახის შემოსავლებზე განაწილდა.
2025 წლის ბოლოს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული საწარმოების სალაროებში ნაღდი ფულის სახით 3.1 მილიარდი ლარი იყო განთავსებული. ამავე პერიოდში ფიქსირებული და არაწარმოებული აქტივების ნარჩენმა საბალანსო ღირებულებამ 2.9 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, საფინანსო მომსახურების სექტორში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 42.7 ათასი იყო. დასაქმებულთა 65.6% ქალი იყო.
2025 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ გამომუშავებულმა მთლიანმა სადაზღვევო პრემიამ 1.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
პრემიის ყველაზე დიდი წილი, 42% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა. ქონების დაზღვევის წილი 11.3% იყო, სიცოცხლის დაზღვევის, 9.6%, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის, 6.4%. უბედური შემთხვევის დაზღვევაზე პრემიის 1.4% მოდიოდა, დანარჩენი 29.3% კი სხვა სახის დაზღვევას მოიცავდა.
ამავე წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა სადაზღვევო ზარალმა 763.9 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 56.6% სამედიცინო დაზღვევაზე მოდიოდა, 6.3%, ქონების დაზღვევაზე, 5.4%, სიცოცხლის დაზღვევაზე, ხოლო 5%, სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. ზარალის დარჩენილი 26.7% სხვა სახის დაზღვევაზე განაწილდა.

