ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ლაშა ხახუტაიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა. შემთხვევის დროს ის საკუთარ ავტომობილს მართავდა.
შემთხვევა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ხახუტაიშვილი სხვა ავტომობილს შეეჯახა. დაზიანებულია რამდენიმე მანქანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. თვითმხილველთა თქმით, შეჯახების შემდეგ დაზიანებული ავტომობილები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ 112-ში შეტყობინება არ შესულა.
შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით ქობულეთის საკრებულოს რამდენიმე წევრი და საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მივიდა. იქვე იმყოფებოდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე პირებიც.
რატომ არ შეატყობინეს მომხდარის შესახებ საპატრულო პოლიციას?
ქობულეთის საკრებულოში საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს. საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა არც ლაშა ხახუტაიშვილის განმარტება მოგვაწოდა.

