საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი, რომლის მიზანიც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვაა, საქართველოს პოლიტიკურ (და არა მხოლოდ) მომავალთან დაკავშირებულ ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას აჩენს: სად გადის ზღვარი კონსტიტუციური წესრიგის დაცვასა და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვას შორის?
საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი უკვე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი, ის სასამართლო განხილვის ეტაპზე გადავიდა. 2026 წლის 13 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო, ხოლო პირველის ხდომები 21-23 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა.
„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული სარჩელი ხუთ პოლიტიკურ ძალას ეხება, ესენია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“ („ქართულმა ოცნებამ“ ბოლო ორი პარტია ასაკრძალავთა ჩამონათვალს მოგვიანებით დაამატა).
რას ედავება „ოცნება“ ოპოზიციას?
მმართველი პარტიას არგუმენტებად ოპოზიციური ძალების წარსული საქმიანობა მოჰყავს, კერძოდ, მათ მიერ ხელისუფლების ლეგიტიმაციის უარყოფა, არჩევნების ბოიკოტი, 2008 წლის ომთან დაკავშირებული საკითხები და სხვა ისეთი ქმედებები, რომლებიც, „ქართული ოცნების შეფასებით, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.
სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების საქმიანობა კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელია. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ პირდაპირ განაცხადა: „პარტია, რომელიც თავისი არსით ანტიკონსტიტუციურია, კონსტიტუციის მტერია დამისი ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“ და გამოთქვა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მათ არგუმენტებს გაიზიარებს.
დემოკრატიულ სახელმწიფო ვალდებულებულია, კონსტიტუციური წყობა დაიცვას. თუმცა პოლიტიკური ექსპერტების აზრით, აქ მიზანთან ერთად, გადამწყვეტი ფაქტორია მტკიცებულებები, სამართლებრივი საფუძველი და გამოყენებული ზომის პროპორციულობა. ხელისუფლებისადმი მწვავე ოპოზიცია, მისი ლეგიტიმაციის პოლიტიკური უარყოფა ან წარსული მთავრობის საქმიანობის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებს. სწორედ ამ განსხვავების დადგენა იქნება სასამართლოს ერთ–ერთი მთავარი ამოცანა.
რას ამბობს ოპოზიცია?
ოპოზიციის წარმომადგენლები პროცეს სპოლიტიკური კონკურენციის შეზღუდვის მცდელობად აფასებენ. „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სასამართლო პროცესის დაჩქარება ხელისუფლების შიშს დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური პლურალიზმის აღმოფხვრის მცდელობაა.
„რეჟიმი, რომელიც შიშზე დგას, ვერ გაუძლებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ ნებას. მსოფლიომ ამას ყურადღებით უნდა მიადევნოს თვალი – რეჟიმი ჩქარობს, რადგან იცის, რომ დრო იწურება“, – დაწერა გახარიამ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი კი მოითხოვს, რომ ბათუმში გადაიყვანონ და სასამართლო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობა მისცენ. ზოგადად, ოპოზიციურმა პარტიებმა, რომელთა აკრძალვის საკითხიც განიხილება, თქვეს, რომ განხილვას დაესწრებიან.
რას ამბობს საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება?
ამ საკითხზე ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა. 2026 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში კომისიამ გააკრიტიკა 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას აპირებს, არამედ გეგმავს, რომ შეზღუდვები პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებულ პირებზეც გაავრცელოს.
კომისიის შეფასებით, დემოკრატიულ სახელმწიფოშიპარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სანქციები შეიძლება გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ გარემოებებში. ამასთან, აუცილებელია ლეგიტიმური მიზანი, პროპორციულობა და თითოეული პირის პასუხისმგებლობის ინდივიდუალური შეფასება. კომისიამ განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნია ბუნდოვანი კრიტერიუმები და ის რისკი, რომ მოქალაქეებს პოლიტიკური უფლებები მხოლოდ აკრძალულ პარტიასთან კავშირის გამო შეეზღუდოთ.
კომისიის შეფასებით, განხილული საკანონმდებლო ჩარჩო არ უზრუნველყოფს სათანადო დასაბუთებას ასეთი შეზღუდვების აუცილებლობისთვის და საფრთხეს უქმნის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.
მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა. მასში აღნიშნულია, რომ პროცესები „ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის აღმოფხვრას“ უტოლდება და წარმოადგენს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანიცაა „საქართველოს ერთპარტიულ რეჟიმად გარდაქმნა პოლიტიკური პლურალიზმის მოსპობის გზით.“ ამავე რეზოლუციის თანახმად, ასეთი მიდგომა ჰგავს რუსეთისა და ბელორუსიის მოდელს და ემსახურება კრემლის მიზანს, რომ საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის მიღმა. რეზოლუცია ასევე შეიცავს მოწოდებას, რომ კონკრეტულ ქართველ მაღალჩინოსნებს მიზნობრივი სანქციები დაუწესდეთ.
რას შეცვლის აკრძალვა?
პარტიის აკრძალვის შედეგები მხოლოდ მისი სახელწოდებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გაქრობით არ შემოიფარგლება. საკითხი ფართო მასშტაბს იძენს, თუ გადაწყვეტილებას თან ახლავს მასთან დაკავშირებული პირების პოლიტიკური საქმიანობის, ახალი პარტიის შექმნის, არჩევნებში მონაწილეობისა თუ პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვები.
ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არამხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მომავლი, არამედ იმ მოქალაქეების არჩევანიც, რომლებიც ამ პარტიებს მხარს უჭერენ. არჩევნები დემოკრატიულად ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ამომრჩეველს, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, აქვს რეალური ალტერნატივა, ხელისუფლება სამართლებრივი და პოლიტიკური გზით შეცვალოს.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, კონსტიტუციური წესრიგი დაცივას ისე, რომ ამ პროცესში პოლიტიკური უფლება იმაზე მეტად არ შეიზღუდოს, ვიდრე ეს აუცილებელია კონკრეტული საფრთხის აღმოსაფხვრელად. სწორედ ამ ბალანსზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ხუთი პარტიის ბედი, არამედ საქართველოში პოლიტიკური კონკურენციისა და მოქალაქეთა თავისუფალი არჩევანის მდგომარეობაც.

