ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მორი და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი.
უწყების ცნობით, ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 1 203 ფაქტი გამოვლინდა. ამავე პერიოდში დალუქულია 51 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი, 285 სამართალდარღვევა აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

