სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, შპს „საქართველოს ფოსტაში“ 2023-2024 წლებში 123 თანამშრომლის სამუშაო დრო სათანადოდ არ აღირიცხებოდა. ამ თანამშრომლებს ორი წლის განმავლობაში ხელფასის სახით ჯამში 3 მილიონ 261 ათას 863 ლარი გადაუხადეს.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში დასაქმებულ ამ პირებზე არ ივსებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის შესაბამისი ფორმა, რომლითაც უფლებამოსილი პირები დაადასტურებდნენ ნამუშევარ საათებს. ამასთან, არ არსებობდა სათანადო წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც სამუშაო დროის აღრიცხვა შეუძლებელი იყო.
აუდიტის თანახმად, დასწრების ელექტრონული სისტემის მონაცემების შესწავლისას გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი თანამშრომელი ორი წლის განმავლობაში სამუშაო ადგილზე მხოლოდ ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა. სხვა დღეებში სისტემაში მითითებული იყო ჩანაწერი „არ გამოცხადება“.
აუდიტის სამსახური წერს, რომ ამ თანამშრომელზე ხელფასის სახით გაცემული 159 ათას 145 ლარის მართლზომიერ ხარჯვასთან დაკავშირებით რწმუნება ვერ მიიღო.
ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს ფოსტაში“ სამუშაო დროის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა სრულად არ შეესაბამებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფდა სათანადო კონტროლს. აუდიტის სამსახურმა კომპანიას რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყოს ყველა დასაქმებულის ნამუშევარი დროის აღრიცხვა და კონტროლი.

