სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემაში არსებული ხარვეზები, ფინანსური მდგრადობის პრობლემები და სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებულება – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა შეისწავლა და ანგარიშში არაერთი პრობლემა გამოავლინა.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ზარალმა 527 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს ეს მაჩვენებელი 515 მილიონი ლარი იყო. ზარალი ძირითადად შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შედეგს უკავშირდება, რომელმაც 2024 წელი 375 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. ამავე პერიოდში სახელმწიფო კორპორაციების ჯამურმა წმინდა მოგებამ 393 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის 283 მილიონ ლარზე მეტია.
აუდიტის თანახმად, სახელმწიფო საწარმოების სექტორში კვლავ გამოწვევად რჩება დაბალი პროდუქტიულობა, მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობა, სახელმწიფოს ფინანსურ და არაფინანსურ რესურსებზე დამოკიდებულება და სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტის გაჭიანურება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წელს დამტკიცებული სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის კოდექსის გავრცელების სფერო დღემდე განსაზღვრული არ არის. შედეგად, კოდექსით გათვალისწინებული მართვის სტანდარტების დანერგვა ფრაგმენტულად და არასისტემურად მიმდინარეობს.
აუდიტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს 2024 და 2025 წლების ექვსთვიანი პროგრესის ანგარიშები და წლიური შესრულების ანგარიში არ მოუმზადებია, რაც მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნებთან შეუსაბამობაა.
პრობლემები გამოვლინდა სამედიცინო პროფილის სახელმწიფო საწარმოების მართვაშიც. აუდიტის პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მართვის ქვეშ არსებული სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური შედეგები უარყოფითი იყო, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
ამასთან, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ კლინიკების მართვის გასაუმჯობესებლად არ ჰქონდა შემუშავებული ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აუდიტმა ასევე მიუთითა კლინიკების ფინანსური მდგომარეობის მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშების ნაკლებობაზე.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მართვის ქვეშ არსებულ საწარმოებში კი გამოვლინდა ხარვეზები ბიზნესგეგმებსა და მმართველობით ანგარიშებში, ბიუჯეტიდან მიღებული თანხების გამოყენების მონიტორინგსა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფაში. აუდიტის შეფასებით, ზოგიერთი საწარმოს ფუნქციონირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სახელმწიფოს დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფინანსურ მდგრადობას ვერ აღწევენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამის უწყებებს სახელმწიფო საწარმოების მართვის გაუმჯობესების, ფინანსური ზედამხედველობის გაძლიერების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგისა და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვის რეკომენდაციები მისცა. აუდიტი მოიცავდა 2023–2025 წლებს.
საქართველოს რკინიგზაში 3 832 კგ საწვავის დანაკლისი აუნაზღაურებელი დარჩა – აუდიტი

