შავი ზღვის საერთაშორისო დღეს, 31 ოქტომბერს, მეცნიერები ზღვის ეკოსისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, დაბინძურება, კლიმატის ცვლილება, უცხო სახეობების გავრცელება და ზღვის ცოცხალი რესურსების არარაციონალური მოპოვება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. განსაკუთრებით საყურადღებოა ზღვის ფსკერზე მცხოვრები მოლუსკების მდგომარეობა, რომელთა ნაწილიც, მკვლევრების დაკვირვებით, საქართველოს სანაპირო წყლებში მნიშვნელოვნად შემცირდა.
ზღვა, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მხოლოდ სანაპიროდან ხედავს, წყლის ქვეშ განსხვავებულ სამყაროს მალავს. თევზები, წყალმცენარეები, კიბოსნაირები, მიდიები, ხამანწკები და სხვადასხვა სახეობის მოლუსკები რთულ ეკოლოგიურ სისტემას ქმნიან, რომლის თითოეულ კომპონენტს ზღვის ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
თუმცა, როგორც ზღვის მკვლევრები აცხადებენ, ეს წონასწორობა სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდის.
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე, ზღვის ეკოლოგი და დაივინგის ინსტრუქტორი დავით ნიკოლეიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში შავი ზღვის წყალქვეშა სამყაროს აკვირდება, ამბობს, რომ სანაპირო წყლებში ზოგიერთი სახეობის მოლუსკი უწინდელი რაოდენობით აღარ გვხვდება.
მსგავს პრობლემებზე საუბრობს ბიოლოგიის დოქტორი, შავი ზღვის მკვლევარი არჩილ გუჩმანიძეც. მისი შეფასებით, განსაკუთრებული საფრთხე ზღვის ფსკერზე არსებულ ორსაგდულიანი მოლუსკების ბუნებრივ კოლონიებს ემუქრება, რომელთა დაზიანება სხვა ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოზეც აისახება.
„აჭარა თაიმსი“ დაინტერესდა, რა საფრთხეების წინაშეა შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება, რატომ მცირდება ცალკეული მოლუსკების რაოდენობა, რა გავლენას ახდენს ეკოსისტემაზე უცხო სახეობების გავრცელება და რამდენად ეფექტიანად კონტროლდება ზღვის ცოცხალი რესურსების მოპოვება.
რატომ არის შავი ზღვა განსაკუთრებით მოწყვლადი?
შავი ზღვის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 432 ათასი კვადრატული კილომეტრია. მის სანაპიროს ექვსი სახელმწიფო – საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა და რუსეთი იყოფს. შავი ზღვის დაცვის კომისიის მონაცემებით, საქართველოს სანაპირო ზოლის სიგრძე დაახლოებით 310 კილომეტრია, ხოლო აჭარის სანაპირო აკვატორია, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დაახლოებით 57 კილომეტრს მოიცავს.

ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე განმარტავს:
„შავი ზღვის თავისებურება სწორედ მის გეოგრაფიულ მდებარეობასა და წყალშემკრები აუზის მასშტაბშია. შავი ზღვის წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. მასში მრავალი მდინარე ჩაედინება, რომელთაც ზღვაში სხვადასხვა საკვები ელემენტი და დამაბინძურებელი ნივთიერება შეაქვთ. მისი განცხადებით, ზღვაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ უშუალოდ სანაპირო სახელმწიფოების საქმიანობა, არამედ იმ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებიც, საიდანაც მდინარეები შავ ზღვაში ჩაედინება“
„მსოფლიო ოკეანეს დღეს ბევრი გამოწვევა აქვს. რაც შეეხება შავ ზღვას, ის დღეს ყველაზე მოწყვლადია“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
მკვლევრის განმარტებით, მდინარეების მიერ შემოტანილი საკვები ელემენტები ერთი მხრივ, ხელს უწყობს ზღვის ბიოლოგიურ პროდუქტიულობას, მეორე მხრივ კი ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებლები მის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. მისი შეფასებით, განსაკუთრებული საფრთხეებია პლასტმასის ნარჩენები, სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, კლიმატის ცვლილება და უცხო ორგანიზმების გავრცელება.
არჩილ გუჩმანიძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემად შავ ზღვაში ინვაზიური, ანუ უცხო წარმოშობის სახეობების გავრცელებას ასახელებს. უცხო სახეობები, რომლებიც შავი ზღვის ეკოსისტემას მნიშვნელოვნად ცვლიან. მისი განმარტებით, ასეთი ორგანიზმები ახალ გარემოში მოხვედრის შემდეგ ადგილობრივ სახეობებთან კონკურენციაში შედიან, ზოგიერთ შემთხვევაში კი მათი ბუნებრივი მტრები ხდებიან.
„ზღვაში არსებული სახეობების საარსებო არეალები ხშირად ძალიან შეზღუდულია. გარედან შემოსული ახალი სახეობები ამ ეკოსისტემისთვის დიდი პრობლემაა“, – აცხადებს მკვლევარი.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასეთი ორგანიზმია მტაცებელი მოლუსკი რაპანა (Rapana venosa). რაპანა შავი ზღვის ადგილობრივი ბინადარი არ არის. მისი ბუნებრივი გავრცელების არეალი დასავლეთ წყნარი ოკეანეა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, შავ ზღვაში იგი პირველად გასული საუკუნის 40-იან წლებში დაფიქსირდა. რაპანა იკვებება სხვა მოლუსკებით, მათ შორის მიდიებით, ხამანწკებითა და სხვადასხვა ორსაგდულიანი ორგანიზმით.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, მისმა გავრცელებამ შავი ზღვის ფსკერზე არსებული ბიოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შეცვალა. მკვლევარი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ სახეობებზე, რომელთა რაოდენობაც რაპანის გავრცელების შემდეგ შემცირდა. მისი შეფასებით, ზოგიერთი ადგილობრივი მოლუსკი დღეს უკვე იმდენად იშვიათად გვხვდება, რომ აუცილებელია მათი გავრცელებისა და პოპულაციების მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა.
საერთაშორისო სამეცნიერო კვლევები რაპანის მიერ გამოწვეულ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ ზემოქმედებას ადასტურებს. კერძოდ, კვლევებში აღწერილია შავი ზღვის გარკვეულ მონაკვეთებში ევროპული ხამანწკის (Ostrea edulis), სავარცხელა მოლუსკებისა და მიდიების პოპულაციებზე რაპანის უარყოფითი გავლენა. ამასთან, რაპანა ეკონომიკურად ღირებულ სახეობადაც იქცა და შავი ზღვის ზოგიერთ ქვეყანაში მისი მოპოვება კომერციული თევზჭერის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

გუჩმანიძე პრობლემურ სახეობად ასახელებს სავარცხლულა მნემიოპსისსაც (Mnemiopsis leidyi), რომელიც გარეგნულად მედუზას ჰგავს. ამ ორგანიზმის გავრცელებამ შავი ზღვის კვებით ჯაჭვზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მკვლევარი ასევე საუბრობს ახალი მტაცებელი თევზების გავრცელებაზე. მისი თქმით, ერთ-ერთი უცხო სახეობა საქართველოს სანაპიროსთან 2022 წელს თავად დააფიქსირა და მას შემდეგ მის გავრცელებას აკვირდება.
გუჩმანიძის მტკიცებით, ასეთი სახეობების დამკვიდრება ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის, რის გამოც აუცილებელია მათი გავრცელების სისტემური მონიტორინგი.
მიდიები და ხამანწკები – ზღვის ბუნებრივი ფილტრატორები საფრთხის წინაშე
მოლუსკები შავი ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. განსაკუთრებული ეკოლოგიური ფუნქცია აქვთ ორსაგდულიან მოლუსკებს, მათ შორის მიდიებსა და ხამანწკებს. ისინი წყლიდან საკვებ ნაწილაკებს ფილტრავენ და ზღვის ბუნებრივ ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ.
მიდიების კოლონიები სხვა ცოცხალი ორგანიზმებისთვისაც ქმნის საცხოვრებელ გარემოს, ამიტომ მათი დაზიანება მხოლოდ ერთი სახეობის შემცირებას არ ნიშნავს.
2025 წელს გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევის მიხედვით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული და თანამედროვე მონაცემების შეჯერებით, მოლუსკების 79 სახეობაა გამოვლენილი. კვლევა 1926–2023 წლებში შეგროვებულ მასალებს ეყრდნობა. ეს მონაცემი აჩვენებს საქართველოს სანაპიროს მოლუსკების მრავალფეროვნებას, თუმცა თავისთავად არ განსაზღვრავს, რამდენად შემცირდა თითოეული სახეობის პოპულაცია ბოლო წლებში.

საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე დავით ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მისი უშუალო წყალქვეშა დაკვირვებებით, საქართველოს სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებში მიდიები და სხვა მოლუსკები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
„მიდიები, ხამანწკები და მოლუსკები ძალიან შემცირებულია. ზოგადად, მიდიები წყლის ძალიან კარგი მფილტრავი საშუალებაა“, – აცხადებს ნიკოლეიშვილი.
მისი შეფასებით, მოლუსკების პოპულაციებზე უარყოფითად მოქმედებს როგორც რაპანის გავრცელება, ისე მათი ინტენსიური მოპოვება. ზღვის ეკოლოგის მტკიცებით, სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებში მოლუსკებს დიდი რაოდენობით მოიპოვებენ კომერციული მიზნით, მათ შორის კვების ობიექტებისთვის.

ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ამ პროცესის სათანადო კონტროლის გარეშე გაგრძელებამ შესაძლოა ბუნებრივი პოპულაციების შემცირება კიდევ უფრო დააჩქაროს. მისივე შეფასებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ზღვის ფსკერზე არსებული კოლონიების შენარჩუნებასა და რეგულარულ აღრიცხვას.
რას აჩვენებს უკრაინაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევა?
მოლუსკების შემცირების შესახებ ზღვის მკვლევრების შეფასებებს შავი ზღვის სხვა მონაკვეთებში ჩატარებული სამეცნიერო კვლევებიც ამყარებს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა უკრაინის კუნძულ ზმეინის მიმდებარე წყლებში განხორციელდა.
მეცნიერებმა 2004-2012 წლებში შეისწავლეს ხმელთაშუაზღვისეული მიდიის (Mytilus galloprovincialis) და რაპანის პოპულაციების გავრცელება, რაოდენობა და სხვა ბიოლოგიური მახასიათებლები. კვლევის მიხედვით, 2004–2005 წლებთან შედარებით, 2012 წლისთვის მიდიების კოლონიების მიერ დაკავებული ფართობი 75,6%-ით შემცირდა, ხოლო მათი საერთო ბიომასა – 44,6%-ით.
მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ინვაზიურმა რაპანამ აღნიშნული ტერიტორიის ფსკერული ეკოსისტემის მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამასთან, დაფიქსირდა იმ ფსკერთან მცხოვრები თევზების რაოდენობის შემცირებაც, რომელთა კვების რაციონში მიდიები შედის. ეს მაგალითი ცხადყოფს, რამდენად სერიოზული ეკოლოგიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს რაპანის გავრცელებასა და მიდიების ბუნებრივი კოლონიების დაზიანებას სხვა ქვეყნების საზღვაო აკვატორიებშიც.
უკონტროლო მოპოვება – მეცნიერები სახელმწიფოს რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ
ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს საქართველოს სანაპიროზე ბუნებრივად წარმოქმნილი ორსაგდულიანი მოლუსკების კოლონიების მოპოვების პრაქტიკას. მისი განცხადებით, სხვადასხვა სანაპირო მონაკვეთზე მოლუსკების მოპოვება უსისტემოდ მიმდინარეობს და არ არის უზრუნველყოფილი მათი ბუნებრივი კოლონიების სათანადო დაცვა.
„ჩვენს წყლებში უსისტემოდ და უკონტროლოდ ხდება წანაზარდი ორსაგდულიანი მოლუსკების მოპოვება. წანაზარდის მოპოვება არ უნდა ხდებოდეს. ეს უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ეკოსისტემისთვის“, – ამბობს გუჩმანიძე.
მკვლევრის განმარტებით, კლდოვან ზედაპირებზე, ქვებსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე არსებული მოლუსკების კოლონიები სხვა ორგანიზმების საარსებო გარემოს ქმნის. მისი მტკიცებით, ასეთი კოლონიების უხეში მექანიკური მოცილება ზღვის ფსკერზე ჩამოყალიბებულ ბუნებრივ გარემოს აზიანებს. გუჩმანიძე ყურადღებას ამახვილებს სარფის, კვარიათის, მწვანე კონცხის, პეტრასა და სხვა სანაპირო მონაკვეთებზე, სადაც მსგავსი ბუნებრივი კოლონიები გვხვდება. მისი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია ზღვის პროდუქტებზე მზარდი კომერციული მოთხოვნა.
„ტურიზმის სექტორისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციამ ძალიან გაზარდა ორსაგდულიანი მოლუსკების უკონტროლო მოპოვება“, – აცხადებს მკვლევარი.
გუჩმანიძის თქმით, აუცილებელია სახელმწიფომ განსაზღვროს ბუნებრივი მოლუსკების მოპოვების მკაფიო წესები, შესაბამისი შეზღუდვები და კონტროლის მექანიზმები. მისივე თქმით, არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვის თანამედროვე მოთხოვნებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შავი ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის სამართლებრივ საფუძველს უკვე ითვალისწინებს. კერძოდ, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი ეხება შავი ზღვის ცხოველთა სამყაროსა და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვას, მათ შორის წყლის უხერხემლოებს. თუმცა ცალკე შესწავლას საჭიროებს, რა კონკრეტული შეზღუდვები მოქმედებს ბუნებრივი მიდიების მოპოვებაზე, როგორ ხორციელდება მათი აღრიცხვა და რამდენად ეფექტიანია არსებული წესების აღსრულება.
პორტებში მოპოვებული მიდიების მოხმარების საფრთხე
დავით ნიკოლეიშვილი კიდევ ერთ პრობლემაზე, პორტებისა და საზღვაო ინფრასტრუქტურის მიმდებარე ტერიტორიებზე მოპოვებული მოლუსკების საკვებად გამოყენებაზე. მისი თქმით, ასეთ ადგილებში მოპოვებული მიდიებისა და ხამანწკების მოხმარება ჯანმრთელობისთვის შესაძლოა სახიფათო იყოს. მოლუსკების მიერ წყლის ფილტრაციის პროცესში შესაძლებელია სხვადასხვა დამაბინძურებლის დაგროვება.
საერთაშორისო სურსათის უვნებლობისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მონაცემებით, ორსაგდულიან მოლუსკებს შეუძლიათ ქსოვილებში დააგროვონ ბაქტერიები, ბიოტოქსინები და ქიმიური ნივთიერებები. შესაბამისად, მათი საკვებად გამოყენების უსაფრთხოება დამოკიდებულია მოპოვების ადგილის მდგომარეობაზე, პროდუქტის კონტროლსა და ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს, საიდან არის მოპოვებული ზღვის პროდუქტი და გაიარა თუ არა შესაბამისი შემოწმება. ამასთან, კონკრეტული პორტიდან ან სანაპირო მონაკვეთიდან მოპოვებული მიდიების ტოქსიკურობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული დასკვნა.
საქართველოს წყალქვეშა ტურიზმი -— გამოუყენებელი შესაძლებლობა
დავით ნიკოლეიშვილი შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემების პარალელურად წყალქვეშა ტურიზმის განვითარებაზეც საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოს ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი ტურისტული და სამეცნიერო პოტენციალი აქვს, თუმცა ეს მიმართულება ქვეყანაში ჯერ კიდევ სათანადოდ განვითარებული არ არის.
„წყალქვეშა ცურვის ასოციაცია ძირითადად წყალქვეშა ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს. ეს მიმართულება ამჟამად საქართველოში ძალიან დაბალ დონეზეა წარმოდგენილი“, – ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ასოციაციის წევრები რეგულარულად ჩადიან ზღვის სიღრმეში, აკვირდებიან თევზებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების გავრცელებას, იკვლევენ წყალქვეშა გარემოს და დაივინგით დაინტერესებულ პირებს ზღვის სამყაროს აცნობენ. ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ წყალქვეშა დაკვირვებისთვის საკუთარი მეთოდიკა აქვს, რომლის მეშვეობითაც აკვირდება ცოცხალი ორგანიზმების გავრცელებასა და რაოდენობრივ ცვლილებებს.
„ვაკვირდები თევზების განსახლებას, განვითარებას, სად არიან, მატულობენ თუ კლებულობენ. ამას ყველაფერს ვაკვირდები და აღვრიცხავ“, – ამბობს დავით ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, წყალქვეშა ტურიზმის განვითარებით უცხოელი მეცნიერები, დაივინგ-კლუბების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ინტერესდებიან. ზღვის ეკოლოგის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ჩამორჩება სხვა შავიზღვისპირა და ტურისტულ ქვეყნებს, სადაც დაივინგი ეკონომიკური საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
ნიკოლეიშვილი განსაკუთრებით გამოყოფს წყალქვეშა არქეოლოგიისა და ისტორიული ობიექტების აღმოჩენის შესაძლებლობებს.
მისი განმარტებით, დაივერებისთვის საინტერესოა ჩაძირული გემები, თვითმფრინავები და სხვა ისტორიული ნაშთები.
ზღვის ეკოლოგი მიიჩნევს, რომ დაივინგის განვითარება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ტურიზმს, არამედ წყალქვეშა გარემოს შესწავლასა და საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. იგი ასევე საუბრობს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელებულ არასამთავრობო სამეცნიერო და დოკუმენტურ პროექტებზე და აცხადებს, რომ მსგავსი საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობები ბოლო პერიოდში საქართველოში შემცირებულია. მისი შეფასებით, საქართველოს სჭირდება თანამედროვე წყალქვეშა კვლევითი ინფრასტრუქტურა, პროფესიული კადრების მომზადება და შესაბამისი სახელმწიფო მხარდაჭერა.
რას აკეთებს სახელმწიფო შავი ზღვის დასაცავად?
შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლი საქართველოში რამდენიმე სახელმწიფო უწყების კომპეტენციას უკავშირდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს 2026 წლის მონაცემებით, ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი საქართველოს სანაპიროზე ყოველთვიურად 14 წერტილში მიმდინარეობს. კვლევები მოიცავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ მაჩვენებლებს, მათ შორის მძიმე მეტალების, ნავთობპროდუქტებისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის განსაზღვრას.
სააგენტოს 2026 წლის ივლისის ინფორმაციით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით საქართველოს სანაპიროზე ზღვის წყლის ხარისხი დადგენილ ნორმებს შეესაბამებოდა. ამასთან, აჭარაში სეზონური მონიტორინგი შვიდ საკვლევ წერტილში, ყოველ ათ დღეში ერთხელ მიმდინარეობდა. თუმცა წყლის ხარისხის კონტროლი და ზღვის ცოცხალი ორგანიზმების პოპულაციების მდგომარეობის შეფასება განსხვავებული საკითხებია.
გარემოს ეროვნული სააგენტო საზღვაო ბიოლოგიური რესურსების კვლევებსაც ახორციელებს. 2026 წელს სააგენტომ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით რაპანის პოპულაციის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მონაცემები 23 საზღვაო სადგურზე შეგროვდა. კვლევის მიზანი რაპანის მარაგების, გავრცელებისა და პოპულაციის ბიოლოგიური მახასიათებლების შეფასებაა.

მიუხედავად ამისა, დავით ნიკოლეიშვილი და არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევენ, რომ ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის არსებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. მათი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოლუსკების ბუნებრივი კოლონიების მდგომარეობის რეგულარული შესწავლა და მათი მოპოვების პრაქტიკის კონტროლი.
საერთაშორისო ვალდებულებები – შავი ზღვის დაცვა ექვსი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა
შავი ზღვის დაბინძურებისაგან დაცვის შესახებ ბუქარესტის კონვენციას 1992 წლის 21 აპრილს ექვსმა სანაპირო სახელმწიფომ მოაწერა ხელი. კონვენცია შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისა და საზღვაო გარემოს დაცვის მიმართულებით სახელმწიფოთა თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მექანიზმია.
2002 წელს მიღებული შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვის პროტოკოლი, რომელიც ძალაში 2011 წელს შევიდა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სახეობებისა და მათი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას. შავი ზღვის ეკოსისტემის დაცვაში მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, მათ შორის გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. თუმცა საერთაშორისო ვალდებულებების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებას. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სრულდება ეს ვალდებულებები პრაქტიკაში და არის თუ არა ის გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტიანი.
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – მეცნიერების გზავნილი 31 ოქტომბერს
შავი ზღვის საერთაშორისო დღე 1996 წლის 31 ოქტომბრიდან აღინიშნება, როდესაც სტამბოლში შავიზღვისპირა ქვეყნებმა ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა მიიღეს. ამ დღის მიზანი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის, ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენაა.
არჩილ გუჩმანიძე მიიჩნევს: „შავი ზღვის დაცვაზე საუბარი მხოლოდ საერთაშორისო დღის აღნიშვნით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ სახელმწიფო უწყებებს, რომელთა ვალდებულებაა ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის კონტროლი და ბუნებრივი რესურსების დაცვა“.
მკვლევარი ამბობს, რომ შავი ზღვის საერთაშორისო დღე მხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებს არ ეხება. მისი მნიშვნელობა ეკონომიკურ, კულტურულ და ისტორიულ ასპექტებსაც მოიცავს. გუჩმანიძის შეფასებით, ზღვის პრობლემების მიმართ საზოგადოებისა და პასუხისმგებელი ინსტიტუტების დამოკიდებულება ხშირად არასაკმარისად სერიოზულია.
„რა ტკივა შავ ზღვას, ამაზე დღეს არავინ ვფიქრობთ. არადა, შავ ზღვას, მის ეკოსისტემას ბევრი სატკივარი აქვს“, – ამბობს მკვლევარი.
მისივე თქმით, ზღვის ეკოსისტემის დაცვა მუდმივ ყურადღებას, სამეცნიერო კვლევებსა და პასუხისმგებლიან სახელმწიფო პოლიტიკას საჭიროებს.
შავი ზღვის წყალქვეშა სამყარო მხოლოდ ბუნებრივი სილამაზით არ გამოირჩევა. მასში მცხოვრები თითოეული ორგანიზმი საერთო ეკოლოგიური სისტემის ნაწილია, რომლის მდგომარეობაზეც ზღვის მომავალია დამოკიდებული. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბიომრავალფეროვნების შემცირება და ბუნებრივი ჰაბიტატების დაზიანება შესაძლოა გაცილებით ფართო ეკოლოგიური ცვლილებების წინაპირობა გახდეს. შესაბამისად, საკითხი მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რამდენი სახეობის მოლუსკი ბინადრობს შავ ზღვაში. მთავარი კითხვაა, რამდენად ეფექტიანად იცავს საქართველო ამ ბუნებრივ რესურსებს და რა კეთდება იმისთვის, რომ დღევანდელი ეკოლოგიური პრობლემები მომავალში შეუქცევად დანაკარგებად არ იქცეს.

