აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ მეოთხე სეზონი დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულია ვლოგერი გუგა გიორგობიანი. მის მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეოებმა 162 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ის ბიუჯეტიდან ჯილდოდ 150 000 ლარს (გადასახადების ჩათვლით) მიიღებს.
104-მილიონიანი ნახვით, მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა ასამბაძე, რომელიც 70 000 ლარით (გადასახადების ჩათვლით) დაჯილდოვდება, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასულებს, ნიკა გელაშვილსა (92.5 მლნ ნახვა) და ჯაბა გოგიტიძეს (66 მლნ ნახვა), შესაბამისად, 50 000 და 30 000 ლარი გადაეცემათ.
გამარჯვებულები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ. ოთხი ძირითადი საპრიზო ადგილისთვის გამოყოფილი თანხა ჯამში 300 000 ლარს შეადგენდა.
კონკურსის ფარგლებში გასაწევ მომსახურებაზე აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ხელშეკრულება, გამარტივებული შესყიდვის წესით, ი/მ ნანა გორგილაძესთან ჯერ კიდევ 30 ივნისს გააფორმა.
ხელშეკრულებით, პროექტის უკვე არსებულ სარეგისტრაციო ვებ-გვერდის – followajara.ge – ფარგლებში სოციალური ქსელების საჭირო ვიჯეტებისა და (Droplet VPS სერვერის) უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულმა ხარჯმა 10 550 ლარი შეადგინა; პროექტის საინფორმაციო – სარეკლამო კამპანიის ორგანიზების, მონიტორინგისა და რეპორტინგისთვის გათვალისწინებულმა ხარჯმა – 15 000 ლარი; გამარჯვებული ბლოგერების/ინფლუენსერების დაჯილდოება და ჩატარებული კამპანიის ანაზღაურება 300 000 ლარი დაჯდა, ხოლო მარკეტინგული კამპანიის პრეზენტაციისა და ბლოგერების/ინფლუენსერების დაჯილდოების ღონისძიების ხარჯმა 48 000 ლარი შეადგინა (ღირებულება დათვლილია დღგ-ის გარეშე).
2023–2026 წლებში „გამომყევი აჭარაში“ ოთხჯერ ჩატარდა. ოთხივე წელს გამოვლინდა სულ მცირე 16 ძირითადი საპრიზო ადგილის მფლობელი, დამატებით კი კერძო კომპანიების მიერ შერჩეული მონაწილეები დაჯილდოვდნენ. პირველი წლის მთავარი გამარჯვებული დავით ოქროპილაშვილი გახდა, მეორე წლის – ჯგუფი „სამეგობრო“, მესამე წლის – ვიქტორია მელნიჩუკი, ხოლო მეოთხე წლის – გუგა გიორგობიანი.
კამპანია 2023 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაიწყო. მისი მიზანი, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაა, ქართველი ბლოგერების, ინფლუენსერების, მოგზაურებისა და ფოტოგრაფების ჩართულობით.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თამარ ლომიძეა, რომელიც 2024 წელს საჯაროდ გამოხატული პროევროპული პოზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.
პროექტს სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მოქალაქეების უკმაყოფილება შეეხო როგორც საპრიზო ფონდის განაწილებას, ისე ღონისძიების ორგანიზებისა და ინფლუენსერების დაჯილდოებისთვის გამოყოფილ საბიუჯეტო თანხებს. მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონში არსებული სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ფონზე, ასიათასობით ლარის მსგავსი მიზნით დახარჯვა ბიუჯეტის პრიორიტეტებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

