საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უწყების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,საკონსტიტუციო კონტროლის როლი სამართლებრივ სახელმწიფოში“.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე დათანხმდა, რომ, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში ჩატარების მიზნით, სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები გამარტივებული წესით შეისყიდოს.
ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას ოცდაორი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები მიიღებენ. კონფერენცია ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ჩატარდება და მისი ტექნიკური უზრუნველყოფისთვის 29 500 ლარი დაიხარჯება. საკონსტიტუციო სასამართლომ შესყიდვების სააგენტოს განუმარტა:
„კონფერენცია წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ღონისძიებას და საერთაშორისო კონფერენციის პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა ურთიერთგამოცდილებისა და თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარებისათვის, კონსტიტუციური კონტროლის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების გაცნობისათვის და რეგიონის მასშტაბით პარტნიორულ–მეგობრული ურთიერთობის დამყარებისათვის.“
აღნიშნული მომსახურება გულისხმობს მხოლოდ კონფერენციის ტექნიკურ აღჭურვასა (შესაბამის აპარატურას) და სინქრონულ თარგმანს. უწყებას მომსახურებას შპს „ვესტსერვისი“ მიაწვდის.
რაც შეეხება დაზუსტებას, თუ რატომ არ გამოაცხადა საკონსტიტუციომ ელექტრონული ტენდერი, მისი არგუმენტი ასე ჟღერს:
„საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების საბოლოო ფორმატის, მონაწილეთა რაოდენობის, სესიების, სივრცის, თარგმანის მიმართულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ შესაბამისი შესყიდვის ობიექტის საბოლოო ფორმირება. შესაბამისად, უფრო ადრეულ ეტაპზე ელექტრონული ტენდერის გამოცხადება ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის ობიექტის იმ ხარისხის სიზუსტით განსაზღვრას, რაც აუცილებელია კონკურენტული წარმართვისთვის. შესყიდვის პროცედურის სათანადოდ უფრო მეტიც, არასრულად ჩამოყალიბებული მოთხოვნებით ტენდერის წინასწარ გამოცხადება თავად შექმნიდა სახელმწიფო შესყიდვის ეფექტიანობისა და შედეგიანობის რისკს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის გამოცხადების მომენტში არ იქნებოდა ცნობილი მომსახურების საბოლოო მოცულობა, მონაწილეთა რაოდენობა და ღონისძიების ტექნიკური ფორმატი, შემსყიდველ ორგანიზაციას მოუწევდა ან მომსახურების ისეთი მოცულობის შესყიდვა, რომელიც შემდგომში შესაძლოა რეალურ საჭიროებაზე მეტი აღმოჩნდეს, ან პირიქით, არასაკმარისი მოცულობის განსაზღვრა, რაც ღონისძიების მოახლოებისას დამატებითი შესყიდვის საჭიროებას წარმოშობდა.“
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საკონსტიტუციო სასამართლოდან კიდევ ერთი წერილი შევიდა. ამჯერად სასამართლო თანხმობის ითხოვს სატელევიზიო და რადიომომსახურების გამარტივებული შესყიდვის თაობაზე. როგორც ის განმარტავს, საიუბილეო ღონისძიებების გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებიან და სიტყვით გამოდიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის სტუმრები. შესაბამისად, გათვალისწინებულია რამდენიმე ტელეარხისათვის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფა. აღნიშნული მომსახურებისთვის 34 800 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციისთვის, ამ შემთხვევაში უკვე საუბარია, რომ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ოცი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარეები და წევრები, ასევე სხვა მაღალი რანგის პირები.
ამ დრომდე საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა ინფორმაცია, კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ სტუმრები და ვინ იქნებიან დელეგაციების წევრები. ასევე გაურკვეველია ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაწილი: უცხოელი სტუმრების ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების, კვებისა და სხვა ხარჯი. სასამართლოს მიერ უკვე გასაჯაროებული 64 300 ლარი მხოლოდ თარგმანისა და გახსნის ცერემონიის სატელევიზიო ტრანსლირების ხარჯებს მოიცავს და არა – ღონისძიების სრულ ბიუჯეტს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, რა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს საერთაშორისო მასშტაბის საიუბილეო ღონისძიების ორგანიზება საბოლოო ჯამში, ან რომელ ქვეყნებს მოიცავს „საერთაშორისო კონფერენციის“ მასშტაბი.
სამოქალაქო ორგანიზაციები: ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დაკანონების მცდელობაა

