ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსად თამაზ ამაღლობელი დაინიშნა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, თამაზ ამაღლობელი განათლებით იურისტია, სამოქალაქო სამართლის მაგისტრი და სამართლის დოქტორანტი. მას ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები აქვს მიღებული.
პროფესიული პრაქტიკა გავლილი აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და საადვოკატო ბიუროში.
მერიის ცნობით, ამაღლობელს ანტიკორუფციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუნიციპალურ ინსპექციაში დანიშვნამდე ის ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

