დაბა ხულოს მოსახლეობისთვის სასმელი წყლით სტაბილური მომარაგება წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება. 2016 წელს 24-საათიანი წყალმომარაგების დაპირებით დაწყებული პროექტი ხარვეზებით დასრულდა. მუნიციპალიტეტი დღესაც „მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს“ ახორციელებს.
ახალი პროექტის ფარგლებში რეზერვუარი, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები შენდება და სავარაუდოდ, სამუშაოები კიდევ კარგახანს გაგრძელდება.
დაბა ხულოს სასმელი წყლის პრობლემა პერიოდულად მწვავდება. მოსახლეობას დისკომფორტს მხოლოდ წყლის გრაფიკით მიწოდება ან საერთოდ მიუწოდებლობა კი არ უქმნის, არამედ მნიშვნელოვანია მისი უწყვეტი მიწოდება, ხარისხი და სისტემის გამართულობა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნით სოლიდური თანხა უკვე დაიხარჯა, დაბის წყალმომარაგება დღემდე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.
⇔ რა ხდება ხულოში – ,,აჭარა თაიმსის“ კითხვებს საკრებულოს წევრი პასუხობს
2016 წლის 24 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი მთა საჯოგიიდან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოებზე. პროექტის სავარაუდო ღირებულება 969 792 ლარი იყო, სამუშაოები 2017 წლის 10 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ასე არ მოხდა. 2017 წელს ჩატარებული ორი ექსპერტიზის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში 823 203 ლარი შეადგინა. შემოწმებისას გამოვლინდა ხარვეზები, მათ შორის მილების დაზიანება და წყლის დანაკარგები. პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა მილების გარკვეულ მონაკვეთებზე საყრდენების მოწყობაც, რის გამოც მილების ნაწილი ხევებზე ჰაერში იყო გამოკიდებული.
მოკლედ, პრობლემა ვერ მოგვარდა და დაბა ხულოს წყალმომარაგების საკითხი იმ მილებივით ჰაერში გამოკიდებული დარჩა. მოსახლეობას პრობლემის მოგვარების იმედი მაშინ დაუბრუნდა, როცა 2017 წელს აჭარის „აჭარის წყლის ალიანსი“ შეიქმნა, ექვსივე მუნიციპალიტეტისა (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით.
⇔ ხულოს მოსახლეობა ამ ზამთარსაც დაპირებული ბუნებრივი აირის გარეშე შეხვდება
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა. პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო 2023 წლის 20 დეკემბერს ხულოსა და ქედის ნახევრად ურბანული ტერიტორიების ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხელშეკრულება გაფორმდა. სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ცერემონია 2024 წლის 10 აპრილს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში გაიმართა.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაბა ხულოში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც სასმელი წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოებს სს „აჭარის წყლის ალიანსი“ გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
⇔ ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა
აჭარის წყლის ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვეუბნება, რომ გერმანია-საქართველოს შორის ფინანსური თანმშრომლობის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, აჭარის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა შეიქმნება. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით და გამართული წყალარინების სისტემით ისარგებლებს და ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სოფლებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ასევე ტურიზმის სტიმულირებას. ამავე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 59,5 მილიონი ევროა.
აჭარის წყლის ალიანსი ასევე მიუთითებს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტისთვის გათვალისწინებული საინვესტიციო ღირებულება 9 674 303 ევროა და პროგრამა მოიცავს არა მხოლოდ დაბა ხულოს, არამედ მუნიციპალიტეტის 11 სოფელსაც. პროექტის შედეგად ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურით 2 271 ოჯახი ისარგებლებს.
კონკრეტულად დაბა ხულოში მიმდინარეობს წყლისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. პარალელურად, შენდება 400 კუბური მეტრის მოცულობის რეზერვუარი. დაგეგმილია არსებული მცირე რეზერვუარის რეაბილიტაცია და მისი მოცულობის გაზრდაც. ამავე პროექტის ფარგლებში დაბა ხულოში დაწყებულია წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, მიმდინარეობს გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
⇔ „ამ ფორმით ბრძოლა დროის კარგვაა“ – დეპუტატმა ხულოს საკრებულო დატოვა და ემიგრაციაში მიდის
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი „აჭარა თაიმსთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ზოგ დასახლებას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ზოგან კი საკითხი უფრო მწვავედ დგას. ყველასთვის საერთო პრობლემა კი წყლის ხარისხია. რესპონდენტთა უმრავლესობამ გვითხრა, რომ სასმელ წყალს ყიდულობს, რადგან ონკანის წყალი იმდენად ბინძურია, სარეცხი მანქანისთვისაც კი ვერ იყენებს.
დაბა ხულოს მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ამჯერად პროექტი შედეგიანი იქნება და ბოლოს და ბოლოს იმ სიკეთეს მიიღებს, რომელიც 21-ე საუკუნეში საოცნებოდ არ უნდა ჰქონდეს.
⇓ ნახეთ, რას ამბობენ ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას

