2020 წლის 28 ოქტომბერს ხულოში ბუნებრივი აირის პირველი ჩირაღდანი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლებთან ერთად აანთო. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გაზიფიცირების მასშტაბური პროექტის ძირითადი ნაწილი დასრულებული იყო, ხოლო დარჩენილ მონაკვეთებზე სამუშაოები გრძელდებოდა.
2023 წლის სექტემბერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განაცხადა, რომ დაბა ხულოში მიმდინარეობდა 6 426 მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გაზიფიცირებას უზრუნველყოფდა. უწყების წარმომადგენლების თქმით, პროექტის დასრულება მოსახლეობის სოციალურ პირობებს გააუმჯობესებდა და გარემოზე დადებითად აისახებოდა.
სხვათა შორის, ამ განცხადების გავრცელებისას, მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე იყო და რიჟვაძესთან ერთად ხულოში სწორედ ის იმყოფებოდა. მიქაუტაძის ბედი გარკვეულია – ის 2025 წელს კორუფციის ბრალდებით დააკავეს და დანაშაული აღიარა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ეწია ამ პროექტს და რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ დაპირებული სიკეთე. ადგილობრივები გათბობისთვის და ხშირად საკვების მოსამზადებლად დღემდე შეშის ღუმელს იყენებენ, ზოგჯერ – ელექტროენერგიასაც, რაც მათ ხარჯებს ზრდის.
„გაზი არ გვაქვს და შეშის ყიდვა გვიწევს“
ადგილობრივების თქმით, ბუნებრივი აირის უქონლობა მათ ყოველდღიურ ცხოვრებას აძვირებს. ოჯახების ნაწილი ბალონის გაზს იყენებს, თუმცა გათბობისთვის ის არ გამოდგება. ამიტომ ზამთარში შეშის მომარაგება აუცილებელია, თანაც შეშის ღუმელზე ხშირად საჭმელსაც ამზადებენ.
შეშის შეძენა და მოტანა ოჯახებისთვის დამატებითი ხარჯია – 1 500-2 000 ლარი. ზოგჯერ შეშა საკმარისი არაა, რადგან მაღალმთიან ხულოში ცივი და ხანგრძლივი ზამთარი იცის და გათბობა ყოველდღიური აუცილებლობაა. შეშაზე დამოკიდებულება გარემოს დაცვის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გათბობისა და სამზარეულოსთვის ხის საწვავის მუდმივი გამოყენება ტყის რესურსებზე ზეწოლას ზრდის. მოსახლეობა წუხს, რომ ტყეების განადგურება განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ზონისთვის, როგორიც აჭარის მაღალმთიანეთია, სადაც მეწყრული პროცესები ისედაც ხშირია.
როდის დასრულდება პროექტი?
ხულოს გაზიფიცირების საკითხი, წლების განმავლობაში, მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა. თუმცა პრობლემა დღემდე ვერ მოგვარდა და ხულოს მოსახლეობამ არ იცის, როდის დაიწყება ბუნებრივი აირის მიწოდება. „გვპირდებიან, რომ მალე, მაგრამ არ ვიცით, ეს „მალე“ როდის დადგება“, – გვეუბნებიან ადგილობრივები. ერთ-ერთმა მათგანმა კი გაგვიმხილა, რომ პროექტის ფარგლებში იყო დასაქმებული და გაიგო, რომ სამუშაოების დროს გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა.
პროექტთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაცია ღია წყაროებით არ იძებნება. ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2025 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებით, 2025 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდა ადრე გაცემული მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა. გასულ წლებში მთავრობა განმარტავდა, რომ შიდა ქსელების მოწყობა და მილების მონტაჟი პირდაპირ არის მიბმული ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის პროექტთან, რომელიც, მეწყრული პროცესებისა და რთული გეოლოგიური პირობების გამო, მრავალჯერ გაჭიანურდა, ამან კი გაზსადენის მოწყობაც შეაფერხა.
ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ვადის ცოდნა, როდის შეძლებენ ბუნებრივი აირის გამოყენებას. მანამდე კი ოჯახები კიდევ ერთ ზამთარს შეშით, ბალონის გაზითა და ელექტროენერგიით უნდა გაუმკლავდნენ, რაც მათ ხარჯებს კვლავ ტვირთად დააწვება. დაბაში სოციალურ-ეკონომიკური პირობები ისედაც მძიმეა, რაც, ადგილობრივების აზრით, მოსახლეობის რიცხოვნობის მკვეთრი შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.
აჭარის სოფლები ბუნებრივი აირის გარეშე – თორნიკე რიჟვაძის დაპირება რომელიც არ შესრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

