ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ
მეუფე იობი მმართველ გუნდს ამბიონიდან აკრიტიკებს და ამბობს, რომ სახელმწიფო დაფინანსება ეკლესიას ხელისუფლებასთან აახლოებს, სასულიერო პირებს კი საჯაროდ კრიტიკული პოზიციის გამოხატვას ურთულებს. ის ეკლესიის ხარჯების გასაჯაროებაზე საუბრობს და გამოსავლად შემოსავლის მეათედის შეწირვის ძველი წესის აღდგენას ასახელებს.
ვრცელ ქადაგებაში მეუფე იობი ახალგაზრდების ემიგრაციას, სოფლების დაცლას, აზარტული თამაშების გავრცელებას, კორუფციასა და სუს-ის ე.წ. კრებსების გასაჯაროებასაც შეეხო. მმართველი გუნდისთვის წარსულში გამოხატულ მხარდაჭერაზე საუბრისას კი თქვა, რომ მაშინ „უარესებში უკეთესი ავირჩიეთ“, დღეს კი, მისი შეფასებით, ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობები ამოწურა.
მეუფე იობმა ქადაგების დასაწყისში ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებისა და ეკლესიის დაახლოება დაფინანსებაში გამოიხატება. ამ ურთიერთობის შედეგებზე საუბრისას პასუხისმგებლობა თავად სასულიერო პირებსაც დააკისრა და მრევლის თვალით დასვა კითხვა, რამდენად შეესაბამება მათი ქცევა იმას, რასაც ამბიონიდან ქადაგებენ.
„დღეს რას ვხედავთ? დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიურია. დღეს არის მცდელობა ეკლესიისა და ხელისუფლების შერწყმისა და რაში გამოიხატება ეს? ეს გამოიხატება იმაში, რომ ეკლესიას დაფინანსებას აძლევ და როდესაც სასულიერო პირებში კომფორტი იქმნება, უკვე ძალიან რთულია ჭეშმარიტების აღიარება, ძალიან რთულია, სასულიერო პირმა სულიწმინდის კარნახით იმოქმედოს და ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. დღეს ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა, თავისი პირობებით, თავისი მომსახურებით. ცდილობენ… მრევლისთვის ძალიან რთული გასაგებია: ქადაგებ, რომ გაჭირვება დაითმინო, ქადაგებ, რომ სიღარიბე დაითმინო, ქადაგებ, რომ ვიღაცას დაეხმარო და შენ ამას არ აკეთებ. აი, როგორ შეიცნეს ბევრი სულიერი შვილი და აი, ასე დიდ კასტასავით ჩამოყალიბდა საქართველოში. ხელისუფლებასთან ასეთი შერწყმა არაფრით არ შეიძლება“, – განაცხადა მეუფე იობმა ამბიონიდან ქადაგებისას.
მეუფე იობის თქმით, მორწმუნეთა მიერ შემოსავლის მეათედის შეწირვის წესის აღდგენაზე მას წმინდა სინოდის წევრებთან და ილია მეორესთანაც უსაუბრია. სახელმწიფო დაფინანსების შედეგების მაგალითად კი მან საბერძნეთი მოიყვანა. მეუფემ ერთმანეთთან დააკავშირა სასულიერო პირების სახელმწიფო დაფინანსება და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ სასულიერო პირების დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღეს.
„მე წმინდა სინოდის წევრებთან და მის უწმინდესობასთან, ცხონებულ ილია მეორესთან საუბრისას გამოვთქვი ჩემი აზრი, რომ უნდა აღდგეს ძველი წესი, მორწმუნემ შემოსავლის 10% უნდა შესწიროს ეკლესიას. ეს ბევრად უფრო კარგი იქნება, ბევრად უფრო გამართლებული იქნება. აი, ჩვენ გვაქვს თანამედროვე ეპოქაში საბერძნეთის ეკლესიის მაგალითი. თქვენ იცით, რომ იქ სასულიერო პირებს ხელფასებსაც ურიგებენ, ეკლესია მთლიანად მთავრობისგან ფინანსდება და რა შედეგით დასრულდა ეს ყველაფერი? სახელმწიფომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი მიიღო და დღეს ის პრემიერი, რომლის დროსაც ეს კანონი მიიღეს, ათონზე ჩადის და სასულიერო პირები ზეიმით ხვდებიან. აი, ასე წაიშლება სასულიერო პირის სახე დროთა განმავლობაში. პრემიერს, რომელმაც ეს კანონი მიიღო, ათონის მთაზე ჩასვლისას ზარზეიმით ეგებებიან სასულიერო პირები“, – ამბობს მეუფე იობი.
საქართველოზე საუბრისას მეუფემ თქვა, რომ სახელმწიფო დაფინანსების პირობებში მაღალი იერარქიის სასულიერო პირს მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა უჭირს. დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში, მისი თქმით, მრევლს უნდა შეეძლოს გაიგოს, სად და რისთვის იხარჯება თითოეული თეთრი.
„ჩვენთანაც არის ეს ნიშნები. ჩვენთან ახლა დიდი იერარქი ვერ იტყვის სიმართლეს, ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მოვლენებისადმი, იმიტომ, რომ ეკლესია ძირითადად სახელმწიფოსგან ფინანსდება. კარგი, ვთქვათ, დაფინანსდეს, მაგრამ იყოს გამჭვირვალე. თითოეულმა თქვენგანმა, მრევლის წევრებმა, უნდა იცოდეთ, სად რა იხარჯება — თითოეული თეთრი სად მიდის, რას ხმარდება. მაგრამ ესეც ყველამ არ ვიცით. შეიძლება ზოგიერთებმა თქვან, ყველაფერი გამჭვირვალეაო, ჩანსო, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ჩვენ ვიცით ბევრი რამ, რაც შიგნით ხდება. აქედან გამომდინარე, რაღაცებზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ“, – განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.
მეუფე იობმა წინა ხელისუფლების შეცვლა გაიხსენა და თქვა, რომ მოქმედ მმართველ გუნდსაც ბევრი ნაკლი აქვს. მან ნარკოტიკების გავრცელებასა და ახალგაზრდებში დამოკიდებულებაზე ისაუბრა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდა კი კაზინოების გახსნასა და მათი საქმიანობის ხელშეწყობას დაუკავშირა. ამ კონტექსტში მეუფემ ილია მეორის სიტყვებიც გაიხსენა გამდიდრების გზების შესახებ.
„ჩვენ ვიცით, წინა ხელისუფლება რას აკეთებდა. გასაგებია, ერმა, ხალხმა გადაირჩია, მაგრამ ამ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი ნაკლი აქვს. ეს არის ნარკოტიკების გავრცელება და ახალგაზრდების დიდი ნაწილის ნარკომანიად ქცევა. გაძლიერდა ლუდომანია კაზინოების დაარსებითა და მათი საქმიანობის ხელშეწყობით. სწორად თქვა მისმა უწმინდესობამ: ყველანაირი საშუალებით გამდიდრება არ შეიძლება. ზოგ გამდიდრებას, შესაბამისად, ღვთისგან სასჯელიც მოჰყვება და ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, არ მივცეთ საშუალება ასეთ რამეებს. ჩვენ უნდა ვამხილოთ“, – ამბობს მეუფე იობი.
ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სასულიერო პირის მაგალითად მეუფე იობმა იოანე ოქროპირი დაასახელა. მან გაიხსენა იოანე ოქროპირის დაპირისპირება იმპერატორსა და დედოფალთან და ყურადღება გაამახვილა იმ იერარქების როლზე, რომლებიც, მისი თქმით, ხელისუფლებასთან სიახლოვის გამო მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„აგერ იოანე ოქროპირის ცხოვრება გვაქვს. ის იმპერატორს ამხელდა და დედოფალს ამხელდა, მაგრამ ვინ წავიდა მის წინააღმდეგ? ხელისუფლებასთან ახლოს მყოფი იერარქია. სწორედ იმპერატორმა ისინი გამოიყენა იოანე ოქროპირის საწინააღმდეგოდ და ჩვენ მაგალითი უნდა ვისწავლოთ წმინდანთა ცხოვრებიდან. ძალიან ბევრი ასეთი ღირსეული მღვდელმთავარი განდევნილ იქნა ეკლესიიდან მთავრობასთან ახლოს მყოფი მღვდელმთავრების ხელშეწყობით. არ შეიძლება ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნა“.
ქადაგებაში მეუფე იობი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებასაც შეეხო და ილია მეორის მაშინდელი პოზიცია გაიხსენა. პატრიარქის კიდევ ერთ მოწოდებად მან ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგ გამოთქმული პოზიცია დაასახელა. მეუფემ თქვა, რომ მმართველმა გუნდმა მშვიდობა შეინარჩუნა, თუმცა ამავე ხელისუფლების პირობებში ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან და სოფლები იცლება.
„თქვენ იცით, რომ სწორედ ამ ხელისუფლების დროს მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომლის შესახებაც მისი უწმინდესობა, ცხონებული ილია მეორე ამბიონიდან ამბობდა: არ შეიძლება უკანონობის კანონად დაკანონება, არ შეიძლება! ისევ მისი მოწოდება იყო, რომ არ შეიძლება მიწების გაყიდვა. არც მეფეს, არც ხელისუფალს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება, ქართული მიწები გაყიდოს. იყიდება ეს მიწები და, ესე იგი, ამ მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი კეთდება, ყველაფერი იყიდება. კი, მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ რაღაც-რაღაცებზე ვხედავთ, რომ ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან, სოფლები დაიცალა და სამაგიეროდ სხვა ტომის ხალხი შემოდის საქართველოში“, – განაცხადა მეუფე იობმა ქადაგებისას.
დემოგრაფიაზე საუბრისას მეუფე იობმა სიკვდილიანობასა და შობადობასთან ერთად მოსახლეობის ეთნიკურ და რელიგიურ შემადგენლობაზეც გამოთქვა მოსაზრებები.
„შევეხოთ დემოგრაფიულ საკითხებს. რა ხდება საქართველოში? სიკვდილიანობა აჭარბებს დაბადებას და განსაკუთრებით ისეთი რეგიონებია, სადაც არაქართველები, არამართლმადიდებლები ცხოვრობენ. თუ სტატისტიკურ მონაცემებს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ ნახევარი-ნახევარზეა, ნახევარი ქართველები არიან, ნახევარი უცხოტომელები. თუ იმასაც მივათვლით, რომ ზოგი გადაკეთებულია, შეიძლება ქართველები უმცირესობაშიც აღმოვჩნდეთ და, თუ ასე გაგრძელდა, სულ რამდენიმე წელიწადში შეიძლება უმცირესობაში ვიყოთ“, – ამბობს მეუფე იობი.
მეუფე იობმა სუს-ის ე.წ. კრებსების გასაჯაროება ეკლესიის იმიჯის დაზიანების განზრახ მცდელობად შეაფასა. მან ამავე კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაიხსენა პატრიარქის კრიტიკის შესაძლებლობის შესახებ და თქვა, რომ ამ განცხადებას მოგვიანებით კრებსების გამოქვეყნება მოჰყვა. ამ ორ მოვლენას შორის კავშირი მეუფე იობის შეფასებაა.
„სწორედ ამ დამოკიდებულებამ, პატრიარქის არმოსმენამ გამახსენა, რომ სანამ სუს-ის კრებსები გამოქვეყნდებოდა და გამომზეურდებოდა, ეს შეგნებულად იყო გაკეთებული, ეკლესიისთვის ლახვარი იყო ჩაცემული, ეკლესია უნდა გაენადგურებინათ, მისი იმიჯი უნდა შეელახათ. სანამ ამას გამოაქვეყნებდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის და ამბობს, რომ პატრიარქის კრიტიკაც შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია და მასაც შეიძლება შეცდომები ჰქონდეს. აი, სწორედ ამას მოჰყვა შემდეგ სუს-ის კრებსები“, – განაცხადა მეუფე იობმა ამბიონიდან.
მეუფის თქმით, მასალების გავრცელების შემდეგ მრევლის ნაწილი დაბრკოლდა. მან ასევე გაიხსენა დაპირება, რომ მასალების გამსაჯაროებლებს გამოავლენდნენ, და იკითხა, ვინ გამოკითხეს და გახდა თუ არა საზოგადოებისთვის ცნობილი, ვინ გამოაქვეყნა ისინი.
„ამან რა გამოიწვია? ბევრი ადამიანი დააბრკოლეს, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული. შემდეგ კი შეგვპირდნენ, რომ გამოავლენდნენ იმ პიროვნებებს, თანამდებობის პირებს, რომლებმაც სუს-ის კრებსები საზოგადოებას გააცნეს. მაგრამ ვინ გამოიკითხა? ვინმემ იცით, ვინ გამოაქვეყნა ეს ყველაფერი? არ ვიცით! ასე რომ, ეს შეიქმნა“, – ამბობს მეუფე იობი.
მეუფე იობმა თავად დასვა კითხვა მმართველი გუნდისთვის წარსულში გამოხატული მხარდაჭერის შესახებ. მან მაშინდელი არჩევანი იმით ახსნა, რომ იმ მომენტში უკეთესად მიჩნეულ ძალას დაუჭირეს მხარი. მისივე თქმით, სასულიერო პირებს ხელისუფლების შეცდომებზე საჯაროდ საუბრის პასუხისმგებლობა აქვთ.
„შეიძლება ზოგიერთმა ახლა თქვას: თქვენ არ მოიყვანეთ ეს ხელისუფლება? თქვენ არ დაუჭირეთ მხარი? მაგრამ მე თავიდანვე ვთქვი, რომ უარესებში უკეთესი ავირჩიეთ. თუმცა შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული — არც ხელისუფალი და არც სხვა პიროვნება. ჩვენ თუ არ მივუთითეთ მთავრობას, რა შეცდომები აქვს დაშვებული, სხვის მითითებას ისინი ვერ გაიგებენ. ჩვენში, სასულიერო პირებში, მკვიდრობს სულიწმინდის მადლი და მოვლენების სრული ხედვა, მათი გაანალიზებისა და შეფასების უნარი მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია“, – ამბობს მეუფე იობი ქადაგებაში.
მეუფემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების პირობებში ბევრი კარგი საქმეც გაკეთდა. ამის მიუხედავად, მისი შეფასებით, მმართველმა გუნდმა შესაძლებლობები ამოწურა და მომავალში უკეთესი ხელისუფლება უნდა აირჩიონ. მან მმართველი გუნდი იმაშიც გააკრიტიკა, რომ ეკონომიკურ გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილებისას, მისი აზრით, ეროვნული ინტერესები უყურადღებოდ დატოვა.
„ასე რომ, ჩვენ კი არ ვმტრობთ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, ბევრი კარგიც გაკეთდა საქართველოში, მაგრამ შედეგები ძალიან სავალალოა. განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რადგან ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. დავრწმუნდით, რომ ამ ხელისუფლებამ თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა. როგორც მსოფლიოშია მიღებული, რომ მთავრობები იცვლება, ასევე უკეთესი უნდა ავირჩიოთ მომავალში. იმიტომ, რომ ეროვნული ინტერესები ქვეყანაში აღარ იგრძნობა. ეკონომიკურ სიძლიერეს გადაჰყვნენ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდეს“, – განაცხადა მეუფე იობმა ამბიონიდან.
მეუფე იობმა მშენებლობის მასშტაბიც დემოგრაფიის საკითხს დაუკავშირა და იკითხა, ვისთვის შენდება ახალი საცხოვრებელი კორპუსები. მან სხვადასხვა ეთნიკური და კულტურული ჯგუფის წარმომადგენელთა ჩამოსვლა მოსახლეობის განზრახ ჩანაცვლების შესახებ მტკიცებასაც დაუკავშირა.
„ისმის ბუნებრივი კითხვა: რატომ შენდება ამდენი კორპუსი? სამშენებლო ბუმია მთელ ქვეყანაში. ვისთვის, თუ არ ვმრავლდებით? ვინ უნდა შესახლდეს იმ კორპუსებში? ესენი უცხოტომელები იქნებიან? არსებობს ერის მოკვდინების პროგრამა. აი, სწორედ ეს ხდება სხვადასხვა ტომისა და კულტურის ადამიანებით ჩანაცვლების გზით“.
მეუფემ გამოსავლად ახალგაზრდებისთვის სამუშაო ადგილების შექმნასა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი წინადადება მესამე შვილზე 1 000 ლარის დაწესებას და მეოთხე ან მეხუთე შვილზე ოჯახისთვის ბინის გადაცემას გულისხმობს.
„ხომ შეიძლებოდა, სამუშაო ადგილები შექმნილიყო საქართველოში და ახალგაზრდები დასაქმებულიყვნენ? ხომ შეიძლება, ახალ ოჯახებს სტიმული მიეცეთ? ყოველ მესამე შვილზე დაწესდეს 1 000 ლარი, ხოლო მეოთხე ან მეხუთე შვილზე მრავალშვილიან ოჯახებს ბინა გადაეცეთ. ხომ შეიძლება, ესეც გაკეთდეს? პატარა ქვეყანა ვართ. ვტრაბახობთ, რომ საქართველოში შემოსავლები 100 მილიარდამდე გაიზარდა და ვის ხმარდება?“
ქადაგების ამ ნაწილში მეუფე იობმა ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და მაღალი თანამდებობის პირების დაკავებაზე ისაუბრა. მან ასევე ახსენა დავით გარეჯი, რომელსაც „მეორე იერუსალიმი“ უწოდა, და ე.წ. „არაბული ქალაქების“ საკითხსაც შეეხო.
„ხომ ხედავთ, რა ხდება. კორუფცია ყვავის საქართველოში, აღებ-მიცემობაა და აგერ კიდევ იჭერენ — თითქმის მთელი მთავრობა ციხეში ზის. პრეზიდენტი, პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და სხვა. მეზობელი ქვეყნები იცინიან ჩვენზე, დაგვცინიან. ტერიტორიები დავკარგეთ და ხმას არავინ იღებს. დავით გარეჯი ჩვენი მეორე იერუსალიმია. თუნდაც იმ არაბულ ქალაქებთან დაკავშირებით რა ხდება საერთოდ?!“
ეკლესიის ფინანსების საკითხს მეუფე იობი შესაწირის ტერმინალებზე საუბრისას დაუბრუნდა. მისი შეფასებით, ტერმინალების გამოყენებამ შეიძლება შესაძლებელი გახადოს იმის კონტროლი, თუ რამდენ თანხას სწირავენ ეკლესიას და ვისგან შედის თანხა. მან სასულიერო პირებს მოუწოდა, ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილებებზე მიუთითონ, რომლებსაც არასწორად მიიჩნევენ.
„ახლა თანდათანობით ისიც შემოიტანეს, რომ ეკლესიებში ტერმინალები დაიდგმება და ადამიანმა შესაწირი ტერმინალით უნდა გადაიხადოს. ესეც ეკლესიის კონტროლის საშუალება იქნება -— რამდენი შესაწირია და ვისგან შედის თანხა ეკლესიაში. აი, სწორედ ამის გაკონტროლება უნდათ. ბევრ რამეზე შეიძლება დავფიქრდეთ და ხელისუფლებას არასწორ ქმედებებზე უნდა მივუთითოთ. ამას სიძულვილით კი არ ვაკეთებთ, ხელისუფლებას კი არ ვმტრობთ, არამედ სიყვარულით ვამბობთ“,- განაცხადა მეუფე იობმა.
მეუფე იობმა თქვა, რომ ქვეყანას ბრძენი ხელისუფალი სჭირდება. მმართველის სიბრძნეზე საუბრისას მან სოლომონ ბრძენის ამბავი გაიხსენა და ამ მაგალითით ახსნა, როგორ ესმის სიბრძნესა და დიპლომატიას შორის განსხვავება.
„ჩვენ ქვეყანას სჭირდება ბრძენი ხელისუფალი. სიბრძნე და დიპლომატია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. დიპლომატია სიბრძნე არ არის! სიბრძნე სოლომონ ბრძენიდან მომდინარეობს. სოლომონი ბრძენი იყო და მან ასეთი რამ გააკეთა: ბავშვზე ორი დედა აცხადებდა პრეტენზიას, ჩემი შვილიაო. მოიყვანა ორივე და ბავშვი შუაში დასვა. სოლომონ ბრძენმა უთხრა, რომ გაეჭრათ ბავშვი და თითოეულს თავისი წილი მიეღო. ერთმა ხელი მოჰკიდა და თავისკენ დაქაჩა, მეორემ კი ეს არ იკადრა, ბავშვი შეეცოდა. სოლომონი მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ბავშვის ნამდვილი დედა. ხოლო დიპლომატია რა არის? ხო, ხო და არა! მესამე ეშმაკისგანაა. აი, სწორედ ეს მესამეა დიპლომატია. პოლიტიკოსი დღეს სექტასავით ჩამოყალიბდა. პოლიტიკოსს არ ჰყავს მეგობარი, არ ჰყავს მეზობელი, არ იცის ერთგულება, არ იცის სიყვარული. მისთვის მთავარი ძალაუფლება და ფულია. ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს და ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში“.
მეუფემ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან პირადი საუბარიც გაიხსენა. მისი გადმოცემით, ამ პირმა უთხრა, რომ ხელისუფლებაში სხვა განწყობით მივიდა, თუმცა იქ ძალაუფლებისა და ფულისთვის ბრძოლა დახვდა. მეუფის თქმით, თანამდებობის პირი მალევე გაათავისუფლეს. მისი ვინაობა ქადაგებაში არ დასახელებულა. საუბრის შესაძლო მოსმენაზე მეუფემ ვარაუდი გამოთქვა.
„ერთხელ ერთ-ერთ მაღალ თანამდებობის პირს შევხვდი და მან თქვა, რომ ხელისუფლებაში სხვა ენთუზიაზმითა და მიზანდასახულობით მივედი და სულ სხვა რამ დავინახეო. ბრძოლა არის ძალაუფლებისა და ფულისთვისო. მალევე ეს პიროვნება თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შეიძლება, ამ საუბრის დროსაც მოუსმინეს“.
ქადაგების დასასრულს მეუფე იობმა საქართველოს მდგომარეობა ნაცარში დარჩენილ ნაკვერჩხალს შეადარა. მისი თქმით, ამ ნაკვერჩხლის გაღვივებაში პასუხისმგებლობა ეკლესიასა და სასულიერო პირებს ეკისრებათ. შემდეგ მან მრევლს ეკლესიაში მისვლის მიზანზე, სულის ცხონებასა და კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე ესაუბრა.
„სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ. სამწუხაროდ, ერთ წრეზე დავდივართ და მადლობა უფალს, რომ ნამდვილად გვყავს პატრიოტი ქართველები. როცა ცეცხლი ჩაქრება და ჩაიფერფლება, იმ ნაცარში ნაკვერჩხალი რჩება ხოლმე. აი, იმ ნაკვერჩხალს თუ შეუბერავთ, ის აალდება. სწორედ ამ მდგომარეობაშია საქართველო და ამ ნაკვერჩხალს შებერვა ეკლესიამ და სასულიერო პირებმა უნდა გაუკეთონ, რომ ეს ალი მთელ საქართველოსა და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს გადაედოს. ღმერთმა გაგაძლიეროთ!
ეკლესიაში ჩვენი მოსვლა იმით კი არ არის განპირობებული, რომ უფალს შევხვდეთ და მიწიერი კეთილდღეობა, სიმდიდრე ან თანამდებობა გვქონდეს, არამედ სულის ცხონებითა და გადარჩენით. ეს არის მთავარი. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ თუ ადამიანში სულიწმინდა არ მკვიდრობს, მას არჩევის უნარი არ აქვს. სწორედ სულიწმინდა გვარჩევინებს კეთილს ბოროტისგან. თუ ამპარტავნები ვართ, არჩევის უნარი არ გვექნება. ნათქვამია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“ და სწორედ ასე განსაზღვრავს ადამიანი მოვლენებს – არა სამართლიანად და სიმართლით, არამედ ისე, როგორც მას ჩვევია, როგორც ხედავს და როგორც სურს, რომ გაიგოს“. ქადაგების ბოლო სიტყვები მეუფე იობმა საქართველოში კურთხეული მეფის ხილვის სურვილს დაუთმო. „შევთხოვ უფალს, რომ მალე გვეხილოს კურთხეული მეფე. მეფის მოსვლის შემდეგ საქართველოში სულიერი გაბრწყინება დაიწყება“, – განაცხადა მეუფე იობმა.
რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველმა მღვდელმთავარმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობ აქიაშვილმა ვრცელი ქადაგება 2026 წლის 11 ნოემბერს, წირვის დასრულების შემდეგ წარმოთქვა. ამბიონიდან გაჟღერებულმა მოსაზრებებმა საერო და საზოგადოებრივ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

