სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა.
ახალი რეგულაციის მიხედვით, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე, ავტომობილის მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დონის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები განახორციელებენ. შემოწმებისას გამოიყენება საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული საზომი მოწყობილობები. დადგენილი ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება, მართვის მოწმობის ქულათა რაოდენობა კი 10 ქულით შეუმცირდება.
სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქციები იზრდება:
- პირველი დარღვევა – 100 ლარი და 10 ქულის დაკლება;
- განმეორებითი დარღვევა – 200 ლარი და 20 ქულის დაკლება;
- მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევა – 300 ლარი და 30 ქულის დაკლება.

