„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია გამართეს. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების დროულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ.
ინფორმაციისთვის: საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე გადაწყვეტილების გამოქვეყნებას აჭიანურებს. თითქმის ერთი თვეა საზოგადოება ვერდიქტის მოლოდინშია.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვენ, რომ გონივრული ვადის ფარგლებში დააჩქაროს გადაწყვეტილების მიღება, რადგან ეს ყველაფერი აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებს. ეს ყველაფერი პოლარიზებას იწვევს და საზიანოა.საკონსტიტუციო სასამართლოს მოვუწოდებთ, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. მორალური და ზნეობრივი თვალსაზრისით, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და სახელმწიფო უნდა გრძნობდეს ამ კითხვების მნიშვნელობას, შესაბამისად გადაწყვეტილებები დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს“, – განაცხადა გიორგი ჩხაიძემ, ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.