დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარასთან“ 25-წლიან ურთიერთობას ასრულებს.
როგორც თავად წერს, თანამშრომლობა საკუთარი სურვილით არ შეუწყვეტია, მას შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიანაწარმოებისა და გავრცელების სამსახურის რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის ყოფილი უფროსი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის მხარდამჭერებს და აღნიშნავს, რომ წინ ახალი ეტაპი და კარგი ამბებია.
„კი, მე დავასრულე ჩემი 25 წლიანი ურთიერთობა „რადიო აჭარასთან“, ოღონდ არა საკუთარი სურვილით, შემიწყვიტეს შრომითი ხელშეკრულება, მიზეზებსა და მოცემულობაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. მანამდე მადლობას გეტყვით თანადგომისთვის ყველას, თქვენი სითბო ყველაზე დიდი საჩუქარია. სვლა გრძელდება, წარსული – ეს მხოლოდ შესავალი და გამოცდილებაა, მთავარი და კარგი ამბები წინ გველის“, – წერს დავით ტრაპაიძე სოციალურ ქსელში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა მიზეზით შეუწყდა მას შრომითი ხელშეკრულება აჭარის მაუწყებელთან.
დავით ტრაპაიძემ „აჭარა თაიმსს“ განუცხადა, რომ იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ საკითხზე განმარტებას გააკეთებს.

