
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად შეძენის მცდელობის ფაქტზე უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები — 1980 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე მ.ა. და 2000 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე კ.ჰ. — ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. სამართალდამცველებმა მათ მიმართ ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს: უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ხელჩანთა, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება იყო დამალული, თბილისში მიიტანეს, სადაც ბრალდებულები ადგილზე დააკავეს.
ჩანთის შემოწმებისას აღმოჩენილი იქნა ჩაფხუტში ფარულად მოთავსებული ნახევარ კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება “მეთადონი”, რომლის უკანონოდ შეძენასაც მ.ა. და კ.ჰ. აპირებდნენ. ასევე, იმავე ჩანთაში მოთავსებული იყო ჯიპიეს მოწყობილობა.
დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის მცდელობას გულისხმობს, ჩადენილს ჯგუფურად. აღნიშნული დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი სქემის სხვა შესაძლო მონაწილეთა დადგენის მიზნით.