თბილისის საქალაქო სასამართლომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით შეეფარდა.
განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია. მისი ადვოკატის შუამდგომლობა – რომ სხდომა გადადებულიყო ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე – მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განაჩენი მიუსწრებლად გამოაცხადა. ვაშაძე განაჩენს თანაგუნდელებთან ერთად პარტიის ოფისში ელოდებოდა.
საქმის ფარგლებში პოლიტიკოსს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე.
ცნობისთვის: გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, თუმცა ის სხდომას არ დაესწრო. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რომელიც მან კანონით გათვალისწინებულ ვადაში გადაიხადა. ვაშაძის მხარდამჭერები მის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ.



