მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების წესები და დღის ყველაზე ცხელ საათებში მოერიდონ მზის სხივებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში ხაზგასმულია, რომ გადახურებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ასეთია:
- ოთახები გაანიავეთ დილით ადრე და ღამით, როცა გარე ტემპერატურა შედარებით დაბალია;
- დღისით შეამცირეთ სიცხის სახლში შეღწევა — გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდეთ ელექტროენერგიის გამოყენება;
- მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში (12:00–17:00 საათამდე);
- თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკური აქტივობისგან;
- არ დატოვოთ ბავშვები ან შინაური ცხოველები გაჩერებულ ავტომობილებში;
- მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა;
- ატარეთ ღია ფერის, ნატურალური მასალისა და თავისუფალი სტილის ტანსაცმელი;
- მიიღეთ სითხე დიდი რაოდენობით, რეგულარულად;
- მოერიდეთ ალკოჰოლის, ზედმეტი კოფეინისა და ტკბილეული სასმელების მიღებას;
- საკვები მიიღეთ მცირე ულუფებით და ხშირად — მოერიდეთ ცილოვან საკვებს;
- თუ იღებთ მედიკამენტებს, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან — სიცხემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თერმორეგულაციაზე და სითხის ბალანსზე;
- მზით დამწვრობის თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას.
ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას ურჩევს, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდონ ჯანმრთელობას ზაფხულის ცხელ დღეებში და ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიმართ გამოიჩინონ მზრუნველობა.



