საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბათუმში ბირთვული მასალის უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტზე საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ცდილობდნენ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის – ურანის გაყიდვას, რომლის ღირებულება 3 მილიონი ამერიკული დოლარია.
სპეცოპერაცია სუს-ის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. უწყების განცხადებით, ამ ქმედებით უსაფრთხოების სამსახურმააღკვეთა ტრანსნაციონალური დანაშაულის შესაძლო განვითარება, რომელიც, არსებული მასალის თვისებების გათვალისწინებით, წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.
სუს-ის ინფორმაციით, ამ რაოდენობის ურანი ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრითა და წყაროს ბუნებით შესაძლოა გამოყენებულიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებლად, რაც ტერორისტული აქტებისა და მასობრივი დაზიანების მაღალი რისკის შემცველია.
დანაშაულზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ბირთვული მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა-გასაღებას. აღნიშნული ქმედება 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


